„საქართველოს ბანკი“ განათლების ახალი მასშტაბური პროგრამის განხორციელებას აანონსებს

„საქართველოს ბანკმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც „ინტერრპესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, პროექტი გულისხმობს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის შესწავლის მხარდაჭერასა და ისეთი სამოტივაციო მოდელის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში განათლების დონის კიდევ უფრო ამაღლებას, კერძოდ ინგლისური ენის სწავლებაზე იქნება ორიენტირებული.

„განათლების მხარდაჭერა „საქართველოს ბანკის“ მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამ მიზნით იწყებს ბანკი სრულიად ახალი პროგრამის განხორციელებას, რაც საქართველოს 20-მდე რეგიონალურ კლასტერში ინგლისური ენის გავრცელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, – აცხადებენ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, პროგრამაში აქტიურად იქნებიან ჩართულები, როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. ასევე, ჩატარდება ოლიმპიადები და კონკურსები ინგლისურ ენაში და გამარჯვებულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრონ საზაფხულო სკოლაში დიდ ბრიტანეთში.

„საქართველოს ბანკის“ განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ვებ პლატფორმა, სადაც თავს მოიყრის ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის, განთავსდება საინტერესო ბლოგები. ეს იქნება საჭირო და ხელმისაწვდომი რესურსი გამოცდილების გაზიარებისა და ცოდნის გაცვლისთვის.

„ახალი საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის საქართველოს ბანკი აქტიურ კონსულტაციებს მართავს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ჩვენი მთავარი მიზანია, რეგიონში ინგლისური ენის გავრცელებას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და შევქმნათ რეგიონალური კლასტერები, რაც მიმართული იქნება რეგიონში მდგრადი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

„საქართველოს ბანკი“ წლებია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. „საქართველოს ბანკი“ ასევე გასცემს გრანტებს „საქართველოს ბანკის“ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა