სახალხო დამცველი პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტში საჯარო ინფორმაციის გაცემის შეზღუდვის საფრთხეს ხედავს

თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების გაცემა საჯარო დაწესებულებების დისკრეციაზე იქნება დამოკიდებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაშია ნათქვამი, რომელიც “პერსონალურ მონაცემთა დაცვის“, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ და “საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს ეხება.

საქმე პარლამენტში ინიცირებულ საკანანმდებლო პაკეტს ეხება, რომელიც თავის მხრივ, ახალი რედაქციის კონსტიტუციიდან გამომდინარეობს და უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.

სახალხო დამცველის შეფასებით, ინიცირებული კანონპროექტი რიგ ხარვეზებს შეიცავს, რომელთა გამოსწორებაც ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალე მმართველობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია. ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 44-ე მუხლში აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს ჩანაწერი, რომელიც თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების ღიაობას ითვალისწინებს.

ლომჯარიას განმარტებით, “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოქმედი 44-ე მუხლით პირდაპირ არის დადგენილი, რომ თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემები ღია და ხელმისაწვდომია. მათი გაცემისათვის მონაცემთა სუბიექტის თანხმობა ან სხვა რაიმე საფუძვლის არსებობა არ მოითხოვება. მაშინ როცა, კანონპროექტით შემოთავაზებული 44-ე მუხლის ახლებურ რედაქციაში ეს ჩანაწერი საერთოდ არ გვხვდება, რაც გამჭვირვალობის კუთხით ცალსახად უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

“კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღების შემთხვევაში, თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების გაცემა საჯარო დაწესებულებების დისკრეციაზე იქნება დამოკიდებული. სწორედ მათი შესაფასებელი იქნება, რამდენად არის სახეზე მონაცემთა გაცემისათვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნულ პროცესში, საჯარო დაწესებულებები იხელმძღვანელებენ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 ან/და მე-6 მუხლებით. თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი საერთოდ არ იარსებებს და მათზე გავრცელდება ისეთივე რეჟიმი, რომელიც დადგენილია სხვა პირებთან მიმართებაში. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებამ და პრაქტიკაში ამოქმედებამ ქვეყანაში საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის ხარისხი გააუარესა. აღნიშნულის მიზეზს პირველ რიგში წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობა დღემდე არ ითვალისწინებს სანქციებს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის თქმისთვის, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით კი დადგენილია სანქციები ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის. შესაბამისად, იკვეთება ტენდენცია, რომ საჯარო მოხელეები, რომელთაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ევალებათ მიიღონ გადაწყვეტილება გასცენ ესა თუ ის ინფორმაცია და ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის, ხელმძღვანელობენ არა პროპორციულობის პრინციპით, არამედ ცდილობენ, თავიდან აიცილონ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანქციები. ამ ვითარების გათვალისწინებით, ადვილად წარმოსადგენია ის უარყოფითი ეფექტი, რომელიც კანონპროექტს ექნება ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობაზე“, - აღნიშნულია ლომჯარიას მიერ პარლამენტის თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში.

გარდა ამისა, როგორც სახალხო დამცველი განმარტავს, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ იმ მუხლებში, სადაც ჩამოთვლილია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (პერსონალური მონაცემები, კომერციული და სახელმწიფო საიდუმლოება), დამატებითი საფუძვლის სახით პროფესიული საიდუმლოება ემატება. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას, ვინაიდან “პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას“.

“პროფესიულ საიდუმლოებად ინფორმაციის მიჩნევისათვის, აუცილებლად უნდა იყოს სახეზე პერსონალური მონაცემები ან კომერციული საიდუმლოება. ნორმათა შემოთავაზებული რედაქციით, შესაძლოა წახალისდეს პრაქტიკა, როდესაც საჯარო დაწესებულებების მიერ პროფესიული საიდუმლოება აღქმული იქნება კონფიდენციალური ინფორმაციის დამოუკიდებელ სახედ. მათი მხრიდან ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ პროფესიული საიდუმლოების მითითება პრობლემური იქნება, ვინაიდან გაურკვეველი დარჩება, პერსონალური მონაცემებს წარმოადგენს ის თუ კომერციული საიდუმლოებას. საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის პრაქტიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ცვლილება უფრო მეტ პრობლემას შექნის, ვიდრე სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს