რომან გოცირიძე - ფიქტიური მინისტრები გვიზის, რომლებიც ორი-სამი კვირის შემდეგ არ იქნებიან

პირველად დავინახეთ ჩვენს რეალობაში, რომ თურმე არსებობს ფიქტიური მთავრობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს თქვენთვის უნდა იყოს საზეიმო დღე, ვინაიდან ახალ მთავრობას ამტკიცებთ. რატომღაც „ტრაურის“ განწყობაა. ალბათ იმიტომ, რომ მთავრობა არაა სრულად დაკომპლექტებული, სამი ადამიანი აკლია. არ ვიცით, ვინ იქნება მინისტრი, ფიქტიური მინისტრები გვიზის, რომლებიც ორი-სამი კვირის შემდეგ არ იქნებიან. გვინახავს ხომ ფილმები ფიქტიურ ქორწინებაზე, ფიქტიურ ხელშეკრულებაზე, პირველად დავინახეთ ჩვენს რეალობაში, რომ თურმე არსებობს ფიქტიური მთავრობა. გვიზის მინისტრები და არა და არ არიან მინისტრები. გახსოვთ გიორგი შენგელაია რომ თამაშობდა ფილმში „რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ“, პატარძალი არ მოვიდა და დაუკარით უპატარძლო ქორწილიაო. აი დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე. ესაა კომიკური ვითარება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.