ქართული პრესის მიმოხილვა 21.06.2018

ოსებს ქართული მიწის მიტაცებაზე მადა კიდევ უფრო გაეხსნათ

"ოცნება" მის მიერვე გაუქმებულ უსაფრთხოების საბჭოს ისევ აღადგენს, ოღონდ - სამი თვის შემდეგ

"მსხვილი საფინანსო ორგანიზაციების ინტერესია, ე.წ. შავ სიაში ბევრი ადამიანი იყოს"

* * *

ოსებს ქართული მიწის მიტაცებაზე მადა კიდევ უფრო გაეხსნათ

ცხინვალის რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან უკვე გავლებული მავთულხლართებისა და ბანერების ისევ გადმოწევას აპირებს. როგორც ცხინვალში აცხადებენ, ე.წ. საზღვრების "დემარკაცია-დელიმიტაციისას" მავთულხლართები ზოგ ადგილზე არასწორად გაავლეს, რის გამოც მიწა, მათ შორის - წიაღისეულით მდიდარი ტერიტორიები თურმე "რაღაც ჯადოსნობით" საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა და ახლა ამის გამოსწორებას სწრაფი რეჟიმით გეგმავენ. "ექსპერტთა კლუბის" წევრის, კონფლიქტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის განცხადებით, ოსებს მადა გაეზარდათ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოსებს ასევე კობის ქვაბულსა და თრუსოს ხეობაზეც უჭირავთ თვალი, ამიტომ პროვოკაციებს კიდევ უნდა ველოდოთ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ოსებს ქართული მიწის მიტაცებაზე მადა კიდევ უფრო გაეხსნათ / ცხინვალში აცხადებენ, რომ "საქართველოს მათი მდიდარი სოფლები დარჩა" და გავლებული მავთულხლართების გადმოწევას იწყებენ.

"ამას მარტივი ახსნა აქვს - მადა ჭამაში მოდისო, ზუსტად ამაზეა ნათქვამი. რუსებს აქვთ საშუალება, გააკეთონ ის, რაც უნდათ. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ, დამატებით მიიტაცონ ის მიწაც, რაც ამ მომენტისათვის აინტერესებთ. ეტყობა, ვიღაცამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სოფელში არის მარმარილოს საბადო და დაიწყეს რუკების გადახედვა. ყველა რუკა ერთნაირი არ არის, სხვადასხვა წელს შესაძლოა, 1-2 მეტრი სხვადასხვანაირად იყო აღნიშნული. ვიღაცამ თქვა, ეს სოფელი უნდა დავიბრუნოთო და ცხინვალის სეპარატისტულ ხელისუფლებაში არ მეგულება ვინმე, ვინც დამატებით ტერიტორიაზე უარს იტყვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხინვალელებს ასევე თვალი უჭირავთ კობის ქვაბულსა და თრუსოს ხეობაზე. ერთი პერიოდი კოკოითი ძალიან აქტიურობდა კიდეც ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ 2008 წლის ომით შეგულიანებული ოსებისთვის ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული ტერიტორიის გადანაწილების თემა და ისინი ამ მიმართულებით კიდევ არაერთ პროვოკაციას მოაწყობენ. ოსური მედიის ცნობით, "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რომ შექმნას კომისია ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის გამოსაძიებლად, რადგან მათ თუნდაც 1 მეტრი მიწის სხვისთვის ჩუქების უფლებაც არ აქვთ", - აღნიშნავს გამოცემა.

"კომისიას დაევალა, გაარკვიოს, ზოგიერთი ადგილები და ასევე სახლები რატომ აღმოჩნდა "საქართველოს ტერიტორიაზე". როგორც ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსლან თედეევი აცხადებს, საკითხის განხილვის საფუძვლად იქცა ზნაურის რაიონის მცხოვრებთა მიმართვა იმის შესახებ, რომ ოსების მიერ გავლებული მავთულხლართებით სოფელ წნელისის ნაწილი "რესპუბლიკის საზღვარს" მიღმა, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. "ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობამ არაერთხელ მოგვმართა, მაგრამ ეს საკითხი არ გადაწყვეტილა", - აცხადებს თედეევი და აღნიშნავს, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ახლა საუბარი მიმდინარეობს, 1936 წლიდან ტალკის მაღაროს ამუშავებდნენ და ასევე ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი მარმარილოს საბადოებია, რომლებიც "საქართველოს დარჩა". თედეევის მტკიცებით, ამ ერთი კონკრეტული საჩივრის შესწავლისას გაირკვა, რომ კიდევ ბევრგანაა ადგილები, სადაც "რესპუბლიკის საზღვარი" არასწორად იყო გავლებული, რის გამოც "საქართველოს სასარგებლოდ" მიწები დაკარგულია და ეს სწრაფად უნდა გამოსწორდეს", - განაგრძობს გამოცემა.

"ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე პეტრე გასიევი აცხადებს, რომ საუბარია სასარგებლო წიაღისეულის ბუდობებზე, რომლებიც "ჯადოსნობით აღმოჩნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ტერიტორია არ არის". გასიევის თქმით, "სამხრეთ ოსეთს" არ აქვს ისეთი მიწა, რომ ვინმეს თუნდაც 1 მეტრი დაუთმოს, ის უდაბნოც რომ იყოს და თუ მსგავსი რამ მოხდა, ის აუცილებლად უნდა გასწორდეს. ე.წ. პარლამენტარები ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე განიხილავენ დოკუმენტებს, რომლებითაც საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისია ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი თავიდან უნდა განიხილონ 1931-1936 წლებში შედგენილი რუკები. ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვრის "დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია" 2009 წლის აგვისტოში შექმნა და შემდეგ წლებში დაიწყეს მავთულხლართების გავლება და ბანერების აღმართვა. როგორც მაშინ ცხინვალში აცხადებდნენ, ე.წ. საზღვარი 1984 რუკის საფუძველზე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებში ტერიტორიით განსაზღვრულიყო. თუმცა ახლა ამ რუკით გავლებული მავთულხლართების ისევ გადახედვასა და ტერიტორების დამატებით მიტაცებას იწყებენ", - დასძენს გამოცემა.

"ცხინვალის რეჟიმის ინიციატივას, როგორც ყოველთვის, მორიგი ტრაფარეტული განცხადებით გამოეხმაურა თბილისი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ რამე ტიპის ე.წ. დემარკაციასა და ხელოვნური ბარიერების კიდევ უფრო ლეგიტიმაციას საყურადღებოა, რამე პროვოკაცია არ მოჰყვეს. კონფლიქტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, თუ ჩვენ მხოლოდ ნელთბილი განცხადებებით შემოვიფარგლეთ, ოსებს კიდევ უფრო მეტი მოუნდებათ და ეს სწორი პოლიტიკა არ არის - "ყველაფერზე თავის დახრა არ შეიძლება, რაც მეტს დავთმობთ, მეტად დაგვასხდებიან თავზე, შესაბამისად, რაღაც პასუხები უნდა გავცეთ. დიპლომატიური მიმართულებებით ძალიან მწვავედ უნდა დავაყენოთ ეს საკითხი და მარტო განცხადების გაკეთება, რომ გმობენ ამა თუ იმ ფაქტს, არ კმარა. ეს ოსების მხრიდან პროვოკაციაა", - მიიჩნევს ცქიტიშვილი. მისი თქმით, "აშკარად ჩანს ოსების სურვილი, რომ უფრო გაიფართოონ ტერიტორიები და გაუგებარია, რად უნდათ - რაც აქვთ, იმასაც კი ვერ უვლიან", - წერს სტატიის ავტორი.

"ოცნება" მის მიერვე გაუქმებულ უსაფრთხოების საბჭოს ისევ აღადგენს, ოღონდ - სამი თვის შემდეგ

"ექვსი თვეა, საქართველო ეროვნულ უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე მომუშავე სათათბირო სტრუქტურის გარეშეა დარჩენილი და კიდევ სამი თვე ასე იქნება. ახალი პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ სექტემბრისთვის უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭო აუცილებლად შეიქმნება. ექსპერტების განცხადებით ძალიან კარგია, რომ "ქართულ ოცნებას" ბოლოს და ბოლოს გაახსენფა, რომ მსგავსი სტრუქტურა სასიცოცხლოდ აუცილებელია, მით უმეტეს იმ ქვეყნისთვის, რომლის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რეგიონში უამრავი გამოწვევა აქვს და ახლა მათ მიერვე გაფუჭებული საქმის გამოსწორებას იწყებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "პანკისში შევიდნენ კადიროვის დაჯგუფების წარმომადგენლები" / "ოცნება" მის მიერვე გაუქმებულ უსაფრთხოების საბჭოს ისევ აღადგენს, ოღონდ - სამი თვის შემდეგ.

"უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ძალიან კარგია, ხელისუფლებაში თუ მიხვდნენ, რომ უსაფრთხოების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანო აუცილებელია. მისი თქმით, ხელისუფლებამ არ იცის რა ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რადგან ანალიზი არ კეთდება - ანალიზის შედეგად უნდა მოხდეს პრობლემებზე რეაგირება და ეს სტრუქტურა არ გაგვაჩნია, რომელიც ჰაერივით სჭირდება ქვეყანას - "ჩვენ ვზივართ ჩაბნელებულ ოთახში და ლამპარიც არ გაგვაჩნია, რომ გავიგოთ რა ხდება ამ ოთახში. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პანკისში შევიდნენ კადიროვის მომხრე დაჯგუფების წარმომადგენლები და იქ შეგნებულად ასიმეტრიული ტიპის პროვოკაცია მოაწყვეს, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდად განვითარებულიყო. მათი იდეა იყო პანკისში სიტუაციის არევა, რომლის საშუალებითაც რუსეთს პირდაპირი ჩარევის შესაძლებლობა მიეცემოდა. მინდა სპეცსამსახურებს ვკითხო, სად იყო ეს სამსახური?", - მაისაიას თქმით, დღეს რომ ქვეყანაში უსაფრთხოების საბჭო არ არსებობს, ეს ანომალური სიტუაციაა და რაც უფრო დაჩქარებული წესით მოახდენენ მაკოორდინებელი სტრუქტურის დანერგვას, მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნავს გამოცემა.

"მამუკა ბახტაძემ პარლამენტში დროებით მთავრობის დამტკიცებისას გუშინ დააანონსა, რომ, უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭო სექტემბრისთვის შეიქმნება - "ნამდვილად სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია მაკოორდინირებელი საბჭოს შექმნა. ჩვენ აუცილებლად შევალთ ინიციატივით პარლამენტში, ჩვენი დედლაინებიც აუცილებლად იქნება დაცული, რომ სექტემბრამდე აღნიშნული ინსტიტუტი აუცილებლად შევქმნათ", - განაცხადა ბახტაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავას შეკითხვის საპასუხოდ - მის თქმით, კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო გაუქმდა, ხოლო შექმნილი საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, მხოლოდ კრიზისების მართვის კომპონენტი შეითავსა და აინტერესებდა, ხომ არ გეგმავდა უსაფრხოების მაკოორდინერებელი უწყების შემქნას", - დასძენს გამოცემა.

"მსხვილი საფინანსო ორგანიზაციების ინტერესია, ე.წ. შავ სიაში ბევრი ადამიანი იყოს"

"ეკონომიკის განვითარებაში მოსახლეობის დიდი ნაწილი მონაწილეობას ვერ იღებს. ყოველი მეორე-მესამე ადამიანი ამ პროცესს ჩამოშორებულია. ყელამდე ვალებში ჩაფლულ ადამიანებს ხელ-ფეხი შეკრული აქვთ და ისინი მთელ სიცოცხლეს არსებობისთვის ბრძოლაში ატარებენ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მესამედი ეკონომიკურ განვითარებას ჩამოსცილდა. ერთ-ერთი მიზეზი უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემაა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "საფინანსო ორგანიზაციების ინტერესია, ე.წ. შავ სიაში ბევრი ადამიანი იყოს" / თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ქვეყნის ეკონომიკისთვის გამოუსადეგარია.

"ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25-30% ჩამოშორებულია ეკონომიკის განვითარებისგან. დაახლოებით 630 000 ადამიანი არის დღეს ე.წ. "შავ სიაში" და მოკლებულია სრულფასოვან ეკონომიკურ ცხოვრებას. ამ ადამიანებში არიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნესპროექტები, არიან მცირე მეწარმეები, მაგრამ ვერ ავლენენ თავიანთ პოტენციალს იქიდან გამომდინარე, რომ უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ გამოიწვია მათი ჩამოშორება ეკონომიკური ცხოვრებიდან", - განაცხადა ბახტაძემ. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ეთანხმება პრემიერის მოსაზრებას და ამბობს, რომ თუ სიღარიბე არ შემცირდება და მოსახლეობის შემოსავალი არ გაიზარდება, ქვეყანა ერთ ადგილას გაიყინება. ამისთვის საჭიროა, მთავრობა მოსახლეობას "შავი სიიდან" ამოსვლაში დაეხმაროს, რაც მათ ყოფით პრობლემებს მოაგვარებს. ეს არის ჩაკეტილი წრე, მსხვილი საფინანსო ორგანიზაციები ცდილობენ, სიაში ძალიან ბევრი ადამიანი იყოს, რათა მათ ეკონომიკური აქტიურობა შეეზღუდოთ. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, ქვეყანაში თვითდასაქმებულებს უნდა ეძლეოდეთ საშუალება, საკუთარი მცირე წარმოება განავითარონ. ამას სახელმწიფომ სხვადასხვა კამპანიით უნდა შეუწყოს ხელი", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მთლიანი ოდენობა სასწრაფოდ უნდა გავზარდოთ, რომ სიღარიბე შემციდეს და მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდოს, თორემ ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ. ყველა მთავრობის მიზანი უნდა იყოს, დაეხმაროს "შავ სიაში" მყოფ ადამიანებს და ამოიყვანოს ფინანსური უფსკრულიდან, რომ მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება. 2008 წლიდან, როდესაც ეკონომიკური პრობლემები შეიქმნა, ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ "შავ სიაში", რომლებიც ნამდვილად იყვნენ აქტიურები. ბიზნესმა და მცირე მეწარმეებმა მიიღეს დიდი დარტყმა. მაშინ მათ სახელმწიფო დაეხმარა, მაგრამ უბრალო ხალხს არავინ დახმარებია, პირიქით, საბანკო სექტორი უფრო მკაცრადაც მოიქცა. მოგვიანებით, ბანკები "შავ სიაში" მოხვედრილ ადამიანებს რომ აღარ აძლევდნენ სესხებს, ხალხი იძულებული იყო, ისეთი კატასტროფული არჩევანი გაეკეთებინა, როგორიცაა ონლაინ სესხები და მიკროსაფინანსოები. ისინი ბოლომდე აღმოჩნდნენ ჩაფლული ვალების ჭაობში და ახლა ვეღარ გამოდიან ამ უბედურებიდან. ეს არის ჩაკეტილი წრე, როდესაც მსხვილი საფინანსო ორგანიზაციები დაინტერესებული არიან, რომ "შავ სიაში" ძალიან ბევრი ადამიანი იყოს. აქ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო და გაარღვიოს ეს წრე. ბახტაძე თუ მოაგვარებს ამ პრობლემას, მოხარული ვიქნები", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ ჯანიაშვილი.

"ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი კატეგორია მოსახლეობისა, ვინც ყველანაირად პასიურია. ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა, რომლებსაც მიეკუთვნებიან დიასახლისები, სტუდენტები, პატიმრები, ქრონიკულ ავადმყოფობაში მყოფი პირები, ვალაუვალი მოსახლება უფრო მეტია, ვიდრე დასახელებული 30%. თითოეული დასაქმებულის კეთილდღეობა დამოკიდებულია მათ მიერ შექმნილი დოვლათის სიდიდეზე. სოფლის მეურნეობაში საკმაო დიდი კონტინგენტი მუშაობს, მაგრამ შარშან ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, შემცირება მოგვცა. მათი კეთილდღეობა მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯზე იზრდება. ცოტათი გაუმჯობესდა დაქირავებით დასაქმებულების მდგომარეობა, ხოლო თვითდასაქმებულების არ შეცვლილა. ამიტომ ჩვენ გვინდა ისეთი ეკონომიკა, რომლის ყველა დარგი გაიზრდება. ჯაჭვის სიმყარე ხომ ყველაზე სუსტი რგოლით განისაზღვრება. ამის გამო უნდა ვითარდებოდეს ყველა მიმართულება, რომ დამატებითი ღირებულების შექმნის მოცულობა იყოს დიდი. დღეს სოფლის მეურნეობაში დამატებითი ღირებულება იქნება 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგებში. შრომის წარმოება უნდა გაიზარდოს და ასევე ნებისმიერ სფეროში დასაქმებულთა ეკონომიკური მდგომარეობა გამოვასწოროთ. თუ ამას შეძლებს ახალი პრემიერი, მისი ნებისმიერი წამოწყება იქნება წარმატებული", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა