აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით დაიხურა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-16 სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შემდეგ, ბიუროს წევრებმა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ელგუჯა ბაგრატიონის წინადადებით, პატივი მიაგეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს ახლახან დაღუპული პოლიციის უფროსის ხსოვნას.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში განიხილება. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

გიორგი რომანაძემ ასევე წარმოადგინა მოქალაქე ანზორ ჯაიანის საკანონმდებლო წინადადების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის შესახებ საკითხიც. მისი განცხადებით, წარმოდგენილი წინადადება ვერ აკმაყოფილებს საკანონმდებლო წინადადებისთვის რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ამასთან, ავტორმა ის კანონის პროექტის სახით, პარალელურად საქართველოს პარლამენტშიც წარადგინა, სადაც მისი განხილვის პროცედურები მიმდინარეობს. ამდენად, საკითხზე წამყვანმა კომისიამ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყო. ბიურომ საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი საკითხი ცნობად მიიღო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის საგაზაფხული სესიის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციით ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე წარსდგა.

მომხსენებლის განცხადებით, საკმაოდ დატვირთული სესიის მთავარი მიღწევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის ახალი რედაქციის განხილვა, მისი მიღება და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა იყო. უმაღლეს საბჭოში განხილვის პროცედურების დაწყებამდე, პროექტის საჯარო განხილვებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, სამეცნიერო, არასამთავრობო სექტორის, მედიის, სტუდენტი-ახალგაზრდობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების ნაწილი კანონის პროექტში აისახა.

საგაზაფხული სესიის ფარგლებში უმაღლეს საბჭოში განიხილეს და მიიღეს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონი, მოისმინეს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიში და ა.შ. უმასპინძლეს არაერთ დელეგაციას პარტნიორი ქვეყნებიდან. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ერთგვარად შეაჯამა სესიის განმავლობაში გაწეული საქმიანობა და წარმოადგინა შესაბამისი სტატისტიკა.

დავით გაბაიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ინტენსიური მუშაობა რიგგარეშე სესიებზეც გაგრძელდება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია აჭარის უმაღლესი საბჭოსა და სილეზიის სეიმის ერთობლივი საგანგებო სხდომაც, რომელზეც აგვისტოს ომთან დაკავშირებით რეზოლუციას მიიღებენ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, დაიწყება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის, ასევე მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტის განხილვის პროცედურები და სხვ.

ბიუროს სხდომით საგაზაფხულო სესია დაიხურა“, -ნათქვამია აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა