ლევან ბოძაშვილი - უსაფრთხოების მაკოორდინირებელი სათათბირო ორგანოს შექმნის თაობაზე ახალი პრემიერის განცხადება მიუთითებს, რომ მას აქვს სწორი ხედვა

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მაკოორდინირებელი სათათბირო ორგანოს შექმნის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივას „სწორ ხედვას“ უწოდებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოძაშვილმა განუცხადა, ასეთი ორგანოს არარსებობით შეიქმნა გარკვეული ინსტიტუციური ვაკუუმი და აღარ არსებობს კოორდინაცია, როგორც სპეციფიურად უსაფრთხოების სექტორის პოლიტიკის შემუშავებაზე, ისე პრევენციული გადაწყვეტილებების მიღებაზე.

„როგორც ჩანს, ახალ პრემიერ-მინისტრს აშკარად აქვს პოლიტიკური ნება და სწორი ხედვა, რათა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მაკოორდინირებელი სათათბირო ორგანო შეიქმნას. აქამდე, მთელი წლის განმავლობაში ეს ნება რატომღაც გამოკვეთილად არ არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე მთავრობას უამრავი ექსპერტი მიუთითებდა. ასეთი ორგანოს არარსებობით შეიქმნა გარკვეული ინსტიტუციური ვაკუუმი, აღარ არსებობს კოორდინაცია სპეციფიურად უსაფრთხოების სექტორის პოლიტიკის შემუშავებაზე, დაგეგმასა და პრევენციული გადაწყვეტილებების მიღებაზე. პოლიტიკურადაც, საბჭოს გარეშე, პრემიერი ინსტიტუციურად იძულებულია გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღოს და ა.შ. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებითაც, პრემიერი არის ის პირი, რომელიც ინიცირებას ახდენს საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და შემოღებისა, ამ ორგანოს არარსებობით კი მოკლებულია შესაძლებლობას ინსტიტუციურ დონეზე განიხილოს და მოამზადოს ასეთი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიებში მრავალი მაგალითია, თუ როგორ უნდა იქნას მოწყობილი პრემიერთან არსებული ეროვნული უშიშროების ან უსაფრთხოების საბჭო, მათ შორის, ბრიტანული და გერმანული, ჩეხური და ისრაელის მოდელები.

„ბოლო ორი მოდელი შეესაბამება სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს და არსებულ რეალობას.

ამასთან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პარლამენტში დაწყებულია მუშაობა საკანონმდებლო ბაზაზე, თუმცა კარგი იქნება, თუ ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება ამ სფეროს შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით“, - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ.

ლევან ბოძაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს ხელმძღვანელობდეს პრემიერ-მინისტრი და მის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიოდნენ ძალოვანი მინისტრები და უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები.

„ასეთი ორგანოს შექმნის აუცილებლობა რომ ნამდვილად არსებობს, იქიდანაც ჩანს, რომ დასაგეგმია უსაფრთხოების პოლიტიკა სტრატეგიულ დონეზე, განსაახლებელია საფრთხეების შეფასების პაკეტი, ხელახლა გასააზრებელია არსებული უსაფრთხოების გარემო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალი ტენდენციები და რაც მთავარია, უზრუნველსაყოფია კოორდინაცია ძალოვან და სპეციალურ ორგანოებს შორის კონსოლიდირებული მიმართულებების ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის განცხადებით, სექტემბრამდე უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭო შეიქმნება. ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის საპასუხოდ განაცხადა. სოფიო ქაცარავა დაინტერესდა თუ როგორი იყო ბახტაძის პოზიცია უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნასთან დაკავშირებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა