დიმიტრი გვრიტიშვილი იმ ინიციატივას განმარტავს, რომლითაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზე დისციპლინური დევნა უნდა გავრცელდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი იმ ინიციატივას განმარტავს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს ეკუთვნის და რომლითაც საბჭოს არამოსამართლე წევრებზე დისციპლინური დევნა უნდა გავრცელდეს.

როგორც გვრიტიშვილი აღნიშნავს, ეს ინიციატივა საბჭოში და სასამართლო სისტემაში სამართლიანობის უზრუნველყოფას ემსახურება. მისი თქმით, დღეს საბჭოს მოსამართლე წევრებს ეთიკური ნორმები ავალდებულებს, რომ ოპონენტებთან დისკუსიისას ან სხვა სახის საჯარო გამოსვლებისას, მათი კრიტიკა იყოს დასაბუთებული, თუმცა მსგავსი ვალდებულება არამოსამართლე წევრებს არ გააჩნიათ. გვრიტიშვილის თქმით, სწორედ ამ უთანასწორობის გამო საბჭოს წევრები და ცალკეული მოსამართლეები, საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან ცილისწამებისა და დაუსაბუთებელი კრიტიკის ობიექტები გამხდარან.

„როდესაც ვიღაცას აქვს გარკვეული უფლება, მას იმ უფლების შესაბამისი ვალდებულებაც უნდა ჰქონდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება როგორც მოსამართლე, ასევე, არამოსამართლე წევრებისგან. მოსამართლე წევრებს საკმაოდ მკაცრი ეთიკური ნორმები გვზღუდავს, იმისთვის, რომ თუნდაც ოპონენტებთან დისკუსიის დროს ან სხვა სახის საჯარო გამოსვლებისას, ჩვენ მაქსიმალურად დასაბუთებული, მტკიცებულებებზე დაყრდნობილი კრიტიკა განვაცხადოთ ამა თუ იმ სუბიექტის მიმართ. ზოგიერთი არამოსამართლე წევრის შემთხვევაში კი გვაქვს ასეთი ვითარება, რომ ისინი ღიად, პერსონალურ შეურაცხყოფაზეც გადადიან ყოველგვარი ეთიკური ნორმის გადახვევით. ყველა პროფესიისა თუ უწყებისთვის არსებობს ეთიკური სტანდარტები, რომლის პირველი ამოცანაა, რომ ელემენტარულად სადაც მსახურობს და რა უწყების სახესაც წარმოადგენს, იმ უწყების ავტორიტეტი დაიცვას და იზრუნოს, რომ ამ უწყების მიმართ საზოგადოების ნდობა ამაღლდეს. ამ ზოგიერთი არამოსამართლე წევრის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი მიზანმიმართულად, ცილისწამების და სიცრუის ტირაჟირებით ცდილობენ საბჭოს როგორც ინსტიტუტის და სასამართლოს, მოსამართლეების დისკრედიტაციას და საზოგადოების ნდობის შემცირებას. ფაქტობრივად ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან იმ უწყებისა, სადაც საქმიანობენ“, - განაცხადა გვირტიშვილმა.

მისივე თქმით, კანონმდებლობაში დღესაც წერია ის საფუძველი, რის გამოც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შესაძლებელია თანამდებობიდან გათავისუფლდეს. „დღესაც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 48-ე მუხლში, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. ასეთი საფუძველია მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება ან საერთოდ შეუსრულებლობა. არაჯეროვან შესრულებაში შეიძლება მოვიაზროთ თუნდაც იმ ეთიკური ნორმების დაუცველობა. ჩვენ დღეს ინიციატივის გაჟღერებისთვის დრო არ გვეყო და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ამ პროექტის პრეზენტაციას გავაკეთებთ და საბოლოოდ ეს პროექტი კანონის სახესაც მიიღებს. საბჭოს წევრებს გვაქვს თანაბარი უფლებრივი მდგომარეობა და ამის ფონზე გვაქვს განსხვავებული ვალდებულებები. ანუ ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ, ბატონობის გარეშე ფაქტობრივად მათ ხმა არ გავცეთ, მათ კი ყველაფრის უფლება აქვთ - ჩვენი პერსონალური შეურაცხყოფის, დისკრედიტაციის, მთლიანად სისტემის დისკრედიტაციის და მექანიზმი, იმისთვის, რომ ამაზე პასუხი მოეთხოვოთ, არ არსებობს. ჩვენი ინიციატივა ემსახურება იმას, რომ საბჭოში სამართლიანობა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა