25 ივნისს კლდეზე ცოცვის ფესტივალი ჩატარდება

25 ივნისს, ჭიათურაში, კაცხში, საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, ლერი მიქელაძის სახელობის თასის მოსაპოვებლად, ბუნებრივ კლდეზე ცოცვის ფესტივალი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, შეჯიბრში მონაწილეობენ როგორც საქართველოს ქალაქებისა და რაიონების მეკლდეურთა ახალგაზრდული ნაკრები გუნდები (მესტია, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ლენტეხი, სტეფანწმინდა, ნიქოზი ), ასევე აზერბაიჯანის მეკლდეურთა ნაკრები გუნდი.

როგორც მეკლდეურთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მირზა ლიპარტელიანმა განაცხადა, პროგრამაშია ერთი სახეობა - რთული ცოცვა, დროის დაფიქსირებით.

„კლდეზე ცოცვის ფესტივალზე მრავალგზის ჩემპიონის, ლერი მიქელაძის სახელობის გარდამავალი თასი გათამაშდება. ცნობილი ქართველი მეკლდეური ლერი მიქელაძე ტრაგიკულად დაიღუპა ერთ-ერთი ღონისძიების დროს. კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის მემორიალურ დაფასთან, წელს მეშვიდედ ჩატარდება ბუნებრივ კლდეზე ცოცვის ფესტივალი. სასიხარულოა, რომ წელს პირველად, „ჭიათურმანგანეზმა“ გამოთქვა სურვილი, ფედერაციას გვერდით დაუდგეს და ჭიათურაში სპორტის ეს სახეობა განავითაროს. დიდი მადლობა მის მმართველს,ნიკოლოზ ჩიქოვანს. ვფიქრობ, წელს ფესტივალი პირველად ჩატარდება ფართომასშტაბიანად, აზერბაიჯანელი სპორტსმენებიც ჩამოვიდნენ, მონაწილეობის მისაღებად“, - აღნიშნა მირზა ლიპარტელიანი.

შეჯიბრება, საერთაშორისო წესების მიხედვით, ორ ეტაპად ჩატარდება: კვალიფიკაცია და ფინალი. პირველ ეტაპზე, შეჯიბრება გაიმართება კვალიფიკაციაში, სადაც დაშვებულია ყველა სპორტსმენი. კვალიფიკაციაში თითოეულ 1-4 ადგილზე გასული მეკლდეურები (ვაჟები, გოგონები) დაიშვებიან ფინალურ ეტაპზე.

ფინალში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, გამოვლინდებიან გამარჯვებულები და პრიზიორები ბიჭებსა და გოგონებში. შეჯიბრება ტარდება მხოლოდ პირად პირველობაზე.

გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან: დიპლომებით, მედლებით, თასებით და სპორტული მაისურებით. გოგონათა შორის გამარჯვებულს გადაეცემა ლერი მიქელაძის სახელობის გარდამავალი თასი (მიქელას თასი).

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჭიათურაში ბუნებრივ კლდეზე ცოცვის ფესტივალი ტარდება.

„ამ ქალაქს აქვს პოტენციალი და რესურსები, რომ სპორტის ეს ურთულესი სახეობა – კლდეზე ცოცვა განავითაროს. „ჯორჯიან მანგანეზი“ მეკლდეურთა ფედერაციასთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რომ ორგანიზებულად ჩატარდეს როგორც ფესტივალი, ასევე, სპორტის ეს სახეობა განვითარდეს ჭიათურაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა