პარლამენტში პროექტ “სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

გვაქვს ამბიციური გეგმა და ამოცანა, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტს თვისობრივად გაძლიერებული საკანონმდებლო ორგანო გადავაბაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პროექტ “სტუდენტური კონგრესის“ ფინალურ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხედვის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია გარე ფაქტორების როლი - სერიოზული ინტერაქცია საზოგადოებასთან, ახალგაზრდებთან, მათი მონაწილეობა საპარლამენტო დისკუსიებში, რისთვისაც “ახალგაზრდული კონგრესის“ ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე სტუდენტებმა იმიტირებული საკომიტეტო მუშაობის შედეგად მომზადებული ოთხი პროექტი წარადგინეს, სადაც სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები იყო ასახული.

პროექტები თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას, ქვეყნის ნარკოპოლიტიკას, სასამართლო რეფორმას და შრომითი უფლებების დაცვას შეეხებოდა. სტუდენტებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციტივები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. გამოვლინდა საუკეთესო გუნდიც - გაიმარჯვა შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულმა პროექტმა.

გამარჯვებულს - დიპლომი, ხოლო პროექტის ყველა მონაწილეს - სერტიფიკატები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადასცეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სტუდენტებს მიმართა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია საპარლამენტო საქმიანობის შესახებ.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ პარლამენტის საქმიანობის შესახებ. მინდა, სხვა კუთხით, სხვა პერსპექტივიდან დაგანახოთ პარლამენტის საქმიანობა, ის პროცესები, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და რომლის პირობებშიც პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება - რა დგას მათ უკან და რა განაპირობებს ზოგჯერ პოპულარული, ზოგჯერ ნაკლებად პოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო საქმიანობის არსზე ისაუბრა და პარლამენტსა და საზოგადოებას შორის აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამომავლო გეგმებიც გააცნო.

“გვაქვს ამბიციური გეგმა და ამოცანა, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტს გადავაბაროთ თვისობრივად გაძლიერებული საკანონმდებლო ორგანო, თვისობრივად გაძლიერებული პარლამენტი. პარლამენტი სხვადასხვა მიმართულებით საჭიროებს გაძლიერებას, საჭიროა კანონშემოქმედებითი კუთხით ჩვენი რესურსების გაძლიერება, გვინდა, რომ უფრო სიღრმისეული განხილვა ჩავატაროთ თითოეულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამას სჭირდება, შიდა რესურსის გაძლიერება. ასევე, გარე რესურის სათანადოდ მოზიდვა. პერსპექტივა არის ამ კუთხით და გვინდა, რომ ეს პერსპექტივა მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ. გაძლიერება გვჭირდება ზედამხედველობის კუთხით. ეს არის ერთ-ერთი სუსტი მხარე ჩვენი პარლამენტის. გვაქვს შესაბამისი ხედვა ამასთან დაკავშირებით. მათ შორის, განიხილება რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პრემიერ-მინისტრის დონეზე, წელიწადში რამდენჯერმე იქნება უზრუნველყოფილი ქვეყნის პოლიტიკის სიღრმისეული განხილვა. მინისტრების დონეზე იქნება უფრო აქტიური ინტერაქცია პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. ვფიქრობთ, რომ უკვე წელს გვექნება ხელშესახები წინსვლა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების თვალსაზრისით. გვინდა, ეს დრო მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტს გადავაბაროთ თვისებრივად ახალი ინსტიტუცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროექტი “სტუდენტური კონგრესი“ პირველად განხორციელდა. მისივე თქმით, სამომავლოდ, პროექტი დაიხვეწება და მასში სტუდენტთა ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

“საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 40 საუკეთესო სტუდენტი იყო მოწვეული. მათ უდიდესი ენერგია და ენთუზიაზმი გამოამჟღავნეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხში არის ის ძალა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მომავალზე იმედიანად ვისაუბროთ. ეს იყო საპილოტე პროგრამა, რასაც მომავალში დავხვეწთ და კიდევ უფრო გავზრდით სტუდენტთა ჩართულობას ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ამ ახალგაზრდების დიდი ნაწილი მალე პოლიტიკაში მოგვევლინება და ამ სფეროში წარმატებულიც იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრებმა: კახა კუჭავამ, ირაკლი სესიაშვილმა და ბექა ოდიშარიამ მიიღეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა