ნინო ლომჯარია - ადამიანის მოთავსება არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში დაუშვებელია და ვერ გამართლდება რესურსების სიმწირით

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრევენციის ეროვნულმა მექანიზმებმა წლიური ანგარიშები კონფერენციაზე წარადგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ რეგიონული კონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრევენციის ეროვნულმა მექანიზმებმა წლიური ანგარიშები წარადგინეს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ანგარიშებში ასახულია კავკასიის რეგიონის ამ 3 ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში წამებისა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც წამების მსხვერპლი გახდა და რომელიც დღემდე ელის სამართლიანობის აღდგენას. აქვე აღნიშნა, რომ წამების აკრძალვისა და პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წამების დანაშაულის ჩამდენ პირთა ადეკვატურად დასჯა და წამების მსხვერპლთა სამედიცინო, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისებით და სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფა.

„მე პირადად შემძრა სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულმა მდგომარეობამ. საავადმყოფოში, რომელშიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს თერაპიული გარემო, მინიმალური საცხოვრებელი პირობებიც კი არ არის. ძნელია სიტყვებით გადმოსცე ნანახი უკიდურესად მძიმე პირობები, დავიწყებული, ღირსება შელახული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაციენტები. აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში ადამიანის მოთავსება დაუშვებელია და ვერ გამართლდება რესურსების სიმწირით. ვფიქრობ, თუ კარგად იქნება გააზრებული ადამიანის ღირსების პატივისცემის მნიშვნელობა და პრიორიტეტულობა, თუნდაც მწირი რესურსების პირობებშიც გამოინახება საშუალება მდგომარეობის უკეთესობისკენ შესაცვლელად. იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება N7 პენიტენციური დაწესებულების დახურვა, რომელიც სახალხო დამცველის მიერ შეფასებულია, როგორც ადამიანის ღირსებასთან შეუთავსებელი. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიც ასევე მოთავსებული იქნებიან ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში,“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ნინო ლომჯარიამ.

კონფერენციაზე განიხილეს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმით განსაზღვრული პრევენციის ეროვნული მექანიზმების როლი წამების პრევენციის მანდატის განხორციელებაში. დასასრულს გაიმართა დისკუსია რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ.

შეხვედრას სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა