საქართველოს ავეჯის კლასტერი (GFC) გაფართოებას გეგმავს

რამდენიმე ხნის წინ დაარსებული საქართველოს ავეჯის კლასტერი (GFC) გაფართოებას გეგმავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, გაფათოება იგეგმება როგორც შესაბამისი სექტორების მიმართულებით, ისე გეოგრაფიულად.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, ამავე მიზნით კლასტერი სამუშაო შეხვედრას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას კლასტერის ამჟამინდელი წევრები, მთავრობის დაინტერესებული მხარეები და ავეჯის წარმოების სექტორის სხვა წარმომადგენლები მიიღებენ. სააგენტოში განმარტავენ, რომ შეხვედრაზე კლასტერის მიმდინარე საქმიანობა, ამ პლატფორმის განვითარებისა და განმტკიცებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები განიხილება.

ღონისძიება 28 ივნისს, 13:00-დან 17:00-მდე, ტექნოპარკში (ინოვიაციების ქ. 7, ოქროყანა) გაიმართება და მას საერთაშორისო ექსპერტები გაუძღვებიან. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ - ორი სამთავრობო უწყება, რომლებიც ქართული კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით მუშაობენ.

სააგენტოს განცხადებით, ორივე უწყებას კლასტერი განიხილავს, როგორც მთავარ პარტნიორებს თავისი განვითარების პროცესში. სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ზვიად ქვლივიძე შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფორმატი საერთაშორისო ექსპერტების პრეზენტაციებს ითვალისწინებს.

„ქ-ნი ჯენოვევა ხრისტოვა ბულგარეთის ავეჯის კლასტერს ხელმძღვანელობს და უშუალოდ ჩართულია საქართველოს ავეჯის კლასტერის დაარსება-განვითარებაში; ბ-ნი ჯონ მარი, კომპანია „Growthclusters“-ს (დიდი ბრიტანეთი) წარმოადგენს, ხოლო ბ-ნი მირკო ტატარინი, „Lagos Design Studio“-ს დირექტორი და დიზაინის ცნობილი ინსტიტუტის „ISIA Firenze“-ს პროფესორია (იტალია)“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ექსპერტები საქართველოს ავეჯის კლასტერის ამჟამინდელ სტატუსზე და მის პერსპექტივებზე ისაუბრებენ, ასევე ევროკავშირის ახალ დღის წესრიგზე კლასტერების განვითარების კონტექსტში, ინდუსტრიული დიზაინის პროდუქტებსა და სტრატეგიებზე.

აგრეთვე ორგანიზებულ იქნება თემატური სამუშაო ჯგუფები ქართველი მწარმოებლების, დიზაინერებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც განიხილება ქართული ბრენდის განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გატანის საკითხები. ერთ-ერთი პრეზენტაცია შეეხება პროდუქტის შექმნასა და ბრენდირებას დიზაინის მეშვეობით. „ჩვენ გავიცანით პერსპექტიული დიზაინერების და ავეჯის მწარმოებლები საქართველოში და გვინდა დავეხმაროთ მათ პროდუქციის დიზაინის დახვეწაში, რაც მათ საექსპორტო ბაზრებზე წვდომას ხელს შეუწყობს“, - აცხადებს ჯენოვევა ხრისტოვა.

საქართველოს ავეჯის კლასტერი აერთიანებს კომპანიებს, პროფესიონალებს, დიზაინერებსა და სტუდენტებს, რომლებიც ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, სათამაშოების წარმოებისა და სხვა მომიჯნავე სექტორებში მოღვაწეობენ. აღნიშნული ქსელი წევრებს ბიზნესის განვითარების სერვისებს სთავაზობს. კლასტერი ამჟამად 30-ზე მეტ წევრს აერთიანებს და ავჭალაში მდებარე „ხელოსანთა ქალაქის“ ტერიტორიაზეა განთავსებული.

კლასტერი ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში დაარსდა, რომელსაც GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება.

სააგენტოს ცნობით, პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის ამ ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. „კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას“, - აცნობეს „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან.