არჩილ თალაკვაძე - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირებისთვის შეზღუდვების დაწესების საკითხს აშშ-სა და ევროკავშირთან განვიხილავთ

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოხდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საერთაშორისო მასშტაბით აღსრულება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სიაში შეყვანილი პირებისთვის შეზღუდვების დაწესების საკითხზე კომუნიკაცია შედგება აშშ-სთან, ევროკავშირთან და ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

„საერთაშორისო ფორმატებში ყველანაირი მხარდაჭერა გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი სიმართლე ყველას დავანახოთ. ექსპერტიზამ კიდევ ერთხელ გაამყარა ის ვერსიები, რაც საქართველოს პარლამენტმა ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხზე ასახა რეზოლუციაში. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გამოძიების პროცესის ბოლომდე მიყვანა და მართლმსაჯულების აღსრულება იყო. ძალისხმევას გავაგრძელებთ იმისათვის, რომ ყველა მონაწილე და დამნაშავე გამოიკვეთოს და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს, მათ შორის მუშაობას გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ყურადღება არ შემცირდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტის წევრის, პეტრე გასიევის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ , „სამხრეთ ოსეთი ასევე ამზადებს სასანქციო სიას“. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოკუპირებულ რეჟიმს მოუწევს დაარწმუნოს საზოგადოება, მათი ქმედება რამდენად საფუძვლიანია.

თალაკვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში, შეყვანილი არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ან მსჯავრდებული პირები და სიას აფხაზეთსა და ცხვინალში მცხოვრებ საზოგადოებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„ყველას ინტერესია, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები საზოგადოების, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა დაინახონ, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არ დარჩება დაუსჯელი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება