ზაზა გაბუნია - საქართველო სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება ევროპულ გამოცდილებას, მათ შორის თვითმმართველობის საკითხებში

საქართველო სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება ევროპულ გამოცდილებას, მათ შორის თვითმმართველობის საკითხებში, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ კონფერენციის - “საქართველოს დელეგაციები ევროპულ ინსტიტუტებში - სამოქმედო გეგმები“ გახსნაზე განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება.

“აღსანიშნავია კონსტიტუციური გარანტიები - ახალი გარანტიები თვითმმართველობისთვის. ჩვენ მოვახდინეთ ინიცირება და თითქმის ყველა საპარლამენტო ეტაპი გაიარა ევროპული ქარტიის დამატებითმა ოქმმა. ე.წ. უტრეხტის ოქმმა, რომელსაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა საპარლამენტო კომიტეტმა და დოკუმენტი გადაიგზავნება მთავრობაში შემდგომი პროცედურებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც პრაქტიკული, ასევე ღირებულებითი თვალსაზრისითაც. საქართველო ამ ნაბიჯით შეუერთდება კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ევროპულ დოკუმენტს ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელიც არის კონცენტრირებული ამ დოკუმენტში და რაც აერთიანებს ევროპულ სახელმწიფოებს, ჩვენ დავაფუძნეთ სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის მუდმივმოქმედი ფორმატი. რაც იყო უპრეცენდენტო სივრცე, ახლა არის ძალიან კარგი პლატფორმა და შესაძლებლობა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტარები, მინისტრები, გუბერნატორები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, აკადემიური და სამოქალაქო სფეროს წარმომადგენლები ერთ სივრცეში, თანასწორობის პირობებში ვმსჯელობთ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობას ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი იღებდა, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ყველას აერთიანებს საერთო სურვილი - განვითარების ახალი, უფრო ძლიერი იმპულსები შეემატოს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც მმართველობის სისტემას. დეპუტატის განცხადებით, ამისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაციების როლი ევროპულ ინსტიტუციებში.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა მისი ინიციატივით ახლად დაფუძნებულ სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის მუდმივმოქმედ ფორმატზე, რომელიც იქნება არსებული საკითხების გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმი.

“ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან ეფექტური მექანიზმი გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ერთად გადავწყვიტოთ ეროვნულ დონეზე ის საკითხები, რომელიც დღის წესრიგში დგას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, იწყება ფუნდამენტური სამუშაო დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით, რაც ამავდროულად იქნება განვითარების პოლიტიკის მოდელიც და დემოკრატიის პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობაც.

“ჩვენი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლებას ჰქონდეს საჭირო და აუცილებელი უფლებამოსილებები და რაც მთავარია ფინანსური რესურსი ამ უფლებამოსილებების ეფექტურად განსახორციელებლად. ჩვენი მიზანია გავზარდოთ მოქალაქეთა მონაწილეობა და ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გავაუმჯობესოთ საჯარო სერვისები, აღმოვფხვრად რეგიონული უთანაბრობა, რომელიც დღეს ჩვენი სახელმწიფოს გამოწვევაა, გავზარდოთ პროფესიონალიზმის ხარისხი საკადრო თვალსაზრისით და ა.შ. ჩვენ ვიცით, რა გამოწვევებია და კოორდინაციის მაღალი ხარისხით ვცდილობთ გავუმკლავდეთ ამ ამოცანებს. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს რეფორმები, ეს პოლიტიკა იქნება ეფექტურად განხორციელებული“, - აღნიშნა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების პროცესში დიდია საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების როლი.

გაბუნიამ ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი მოიწვია მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც მიეძღვნება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 20 წლისთავს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურმა მდივანი ანდრეას კიფერი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა