ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ჟურნალ „ჰეროლდის“ საიუბილეო ნომერი გამოსცა

ინტერვიუ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის უფროს დავით ჩხეიძესთან.

- ბატონო დავით, რამდენადაც ვიცით ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გამოუშვა „ჰეროლდის“ მორიგი, ამჯერად საიუბილეო ნომერი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს.

- დიახ, ერთი დაზუსტებით, საბჭოში განხილვის შემდეგ, ჩვენ გამოცემა დავუკავშირეთ არა მხოლოდ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, არამედ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. 1921 წელს, მიუხედავად ფაქტობრივი ანექსიისა საქართველო, როგორც რეპუბლიკა ბოლო 100 წლის განმავლობაში განაგრძობდა არსებობას, მათ შორის ტოტალიტარიზმის წლებშიც და შესაბამისად, ჰქონდა სახელმწიფო სიმბოლოები, სახელმწიფო გერბი და სახელმწიფო დროშა... ამიტომ ჩვენ ავიღეთ მთელი 100 წლიანი პერიოდი.

- რამდენადაც ვიცით, თქვენ მოგიწიათ არქივში მუშაობა და შინაარსობრივი მხარის ავტორიც მეტწილად თქვენ ბრძანდებით, რა საინტერესო ფაქტებს გამოყოფდით, რატომ შეიძლება მკითხველი დაინტერესდეს ამ გამოცემით?

- „ჰეროლდი“ და ცხადია აღნიშნული გამოცემაც მაინც საბჭოს ერთობლივი ნამუშევარია, ამ შემთხვევაში დახმარება გაგვიწიეს ეროვნული არქივის თანამშრომლებმა, საჯარო ბიბლიოთეკამ და ერთობლივად საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაშრომი გამოვიდა. კრებულში შევიდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სიმბოლოები, საბჭოთა პერიოდი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ბოლოს 2004 წელი, როდესაც დადგინდა დღეს არსებული და მოქმედი სახელმწიფო და მუნიციპალური სიმბოლოები. თითოეულ პერიოდს ახლავს საკმაოდ ღირსშესანიშნავი მოვლენები, რაც მკვეთრად წარმოაჩენს, თუ რამდენად დიდი შინაარსობრივი მნიშვნელობა აქვს ერის ცხოვრებაში სიმბოლოებს...

- თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით შევეხოთ თითოეულ პერიოდს...

- რა თქმა უნდა... 1918-1921 წლებიდან ყურადღებას მივაქცევდი საქართველოს სახელმწიფო გერბის იდეურ და მხატვრულ ჩანაფიქრს... პირველ რიგში, ყველა პარტია და პოლიტიკური ჯგუფი, მიუხედავად მწვავე შეუთანხმებლობისა, ბევრ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო სიმბოლოებს განიხილავდა ეროვნულ ჭრილში და არა ვიწრო პარტიული თვალსაზრისით. ერთ-ერთ სტენოგრამაში ირაკლი წერეთელი ამბობს, რომ ჩვენ სოციალ-დემოკრატებმა საკუთარ წევრებს სრული თავისუფლება მივეცით გერბის საკითხთან დაკავშირებითო. ცნობილია, რომ აზრი მკვეთრად გაიყო და ნაწილი მხარს უჭერდა თეთრი გიორგის, ხოლო ნაწილი ამირანის გერბზე გამოსახვის იდეას... და მაშინ არ იყო დავა მხოლოდ გამოსახულებაზე, დავა იყო რთული, იდეური და საკმაოდ დასაბუთებულიც...

თეთრი გიორგის იდეა პირველად დაფიქსირებულია „მცოდნე პირთა კერძო თათბირის“ დროს, რომელიც მოიწვია ფინანსთა მინისტრმა, კრება ეძღვნებოდა ახალი სახელმწიფოსთვის ფულის ერთეულის გამოშვებას... მოგეხსენებათ, რომ ფული პირველი მატარებელია სახელმწიფოს სიმბოლიკის და ამით მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰერალდიკასთან... აი, სწორედ ამ კრების დროს ივანე ჯავახიშვილმა წამოაყენა იდეა, რომ საქართველოს სახელმწიფო გერბზე უნდა ყოფილიყო თეთრი გიორგი... ამ თათბირს ესწრებოდა ასევე დიმიტრი შევარდნაძე, რომელიც დაეთანხმა ივანე ჯავახიშვილს, მეტიც, მოგვიანებით მხატვართა ნაწილმა ფინანსთან მინისტრს მისწერა წერილი, რომ თუ გერბად არ იქნებოდა დადგენილი თეთრი გიორგი, ისინი არ მიიღებდნენ მონაწილეობას გერბის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში...

- თქვენ ამბობთ თეთრ გიორგის და არა წმინდა გიორგის... რატომ?

- მართალია, სხვათა შორის როდესაც ხელოვნების კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე მაყაშვილმა, ეს მარო მაყაშვილის მამა გახლავთ, წარუდგინა ორი გერბის პროექტი ეროვნულ საბჭოს, ხაზი გაუსვა, რომ გერბი არ იყო კლერიკალური დატვირთვის მატარებელი... მარტივად რომ ვთქვათ არ იყო ხატი, დაცლილი იყო რელიგიური შინაარსისგან... არამედ სიმბოლო იყო ქართველი ერისა. ივანე ჯავახიშვილი თეთრი გიორგის წარმომავლობას უძველეს წარსულში განიხილავს, ქრისტიანობამდე გაცილებით ადრე...

ამიტომ, იოსებ შარლემანის მიერ შექმნილ გერბი არ არის დასრულებული სახით წმინდა გიორგის ხატი... მიუხედავად ამისა ეროვნული საბჭოს ნაწილი მაინც არ დაეთანხმა, რომ თეთრი გიორგი არ ატარებდა რელიგიურ დატვირთვას... კონსტანტინე მაყაშვილი მართალი იყო, რადგან სახელმწიფო გერბს დასრულებული სახითაც რომ გაემეორებინა წმინდა გიორგის ხატის კომპოზიცია, იმ წუთიდან როდესაც ის გახდებოდა სახელმწიფო გერბი ის იქნებოდა სრულიად სეკულარული სიმბოლო. მთავარი იყო მაინც იდეა.

- და რა იყო იდეა?

- როდესაც ვთქვი, რომ დაპირისპირება იყო ამირანისა და თეთრი გიორგის მომხრეებს შორის, სინამდვილეში იყო იდეური დაპირისპირება. ამირანის მომხრეები ქვეყნის მთავარ იდეად განიხილავდნენ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლას თავისუფლებისათვის, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დამოუკიდებელი და რომ საქართველოს ისტორიული იდეად, ყოველთვის იყო და დარჩება გარემომცველი დიდი სახელმწიფოების და იმპერიების წიაღში თავისუფლებისთვის ბრძოლა. სოციალ-დემოკრატების ნაწილი ამ გაგებით მართალიც იყო. ნახევრად ახსნილი და ნაწილობრივმიჯაჭვული მებრძოლი გმირი სრულებით ასახავდა საქართველოს იმდროინდელ მდგომარეობას...

ამირანის იდეის მოწინააღმდეგენი, პირველ ყოვლისა ამბობდნენ, რომ სულ ხომ არ მოუწევდა საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, და მაშინ აუცილებელი იქნებოდა გერბის გამოცვლა... ისინი ერთის მხრივ ემხრობოდნენ ტრადიციულ წმინდა გიორგის, რომელიც საქართველოს ისტორიის განმავლობაში ხშირად იყო და არის წარმოდგენილი სახელმწიფო გერბად და მთავარ სიმბოლოდ და მეორეს მხრივ მიაჩნდათ, რომ იდეურად წმინდა გიორგი, სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე, სიკეთისთვის ბრძოლა ბოროტებასთან, სიკეთის დაწინაურება ბოროტებაზე ქართველი ერის ისტორიულ მისიას უფრო ზუსტად ასახავდა... რუსთაველიც ხომ ეს არის...საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც თეთრმა გიორგიმ.

- ახსენეთ იოსებ შარლემანი, როგორც გერბის ავტორი, გამოცემაში ეს პიროვნება ორჯერ არის წარმოდგენილი, დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში და საბჭოთა პერიოდშიც...

- იოსებ შარლემანი დამფუძნებელია თბილისის სამხატვრო აკადემიის, შარლემანების რამდენიმე თაობა იყვნენ მხატვრები, არქიტექტორები, მათ შორის ხატავდნენ ჰერალდიკურ გერბებს... იოსებ შარლემანი თბილისში ცხოვრობდა და 1957 წელს აქ გარდაიცვალა. გამოცემაში შევიტანეთ მისი წერილი, რომელიც სახელმწიფო გერბის მისეული განმარტებაც არის. ამ წერილში იოსებ შარლემანი ხსნის, როგორ იკითხება გერბი, მაგალითად ბევრს დღესაც უჩნდება კითხვა, რატომ არის წმინდა გიორგი მიბრუნებული მარცხნივ, სინამდვილეში გერბი იკითხება წარმომდგენის მხრიდან, წმინდა გიორგი წარმოადგენს საქართველოს და საქართველოსთვის ის გამარჯვებულია, მარჯვნივ არის აღმართული ბოროტებაზე... ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშის ფერზე და თეთრი გიორგის ველზე აკეთებს განმარტებას, რომ ის ლილისფერ-ჟოლოსფერია და არა წითელი, როგორც ამას ამბობდნენ სოციალ-დემოკრატები და საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებში რევოლუციური წითელის მნიშვნელობას დებდნენ... ესეც ნიშანდობლივია, რომ მოკლე დროის მიუხედავად სულ რაღაც სამ წელიწადში მოხერხდა რესპუბლიკისთვის საჭირო ყველა სახელმწიფო ატრიბუტის შემუშავება, გარდა კონსტიტუციის, დემოკრატიული არჩევნებისა. დადგინდა თითქმის ყველა საჭირო სახელმწიფო სიმბოლო: გერბი, დროშა, მთავრობის შტანდარტი, სამხედრო დროშა... მეტიც, განისაზღვრა სამხედრო უნიფორმა და განმასხვავებელი ნიშნები, ფერები ჯარის სახეობების მიხედვით... წარმოუდგენელი მოცულობის სამუშაო ჩატარდა...

- არ მიპასუხეთ, რატომ არის იოსებ შარლემანი საბჭოთა პერიოდშიც...

- სახელმწიფოს და საზოგადოების ტრაგედია, მაშინვე აისახება ჰერალდიკაში, სახელმწიფო სიმბოლიკაში. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რევკომმა ერთ-ერთი პირველი დეკრეტით საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გაუქმება მოითხოვა, მაშინვე დაიბარეს იოსებ შარლემანი და ევგენი ლანსერესთან ერთად დაავალეს მისივე გერბის შეცვლა და ახალი გერბის დახატვა. თვითონ ამ დავალებაში უკვე მოსჩანს ბოლშევიზმის ხასიათი. 1922 წლისთვის მიიღეს მარტივი გერბი ნამგლის, უროსა და ხუთქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებით, დროშის წითელ ველზე ასოებით მიაწერეს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა. ის გერბი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, უკვე მოგვიანებით 1930-იან წლებში შეიქმნა და ყველას გასაკვირად მასში აისახა შვიდქიმიანივარსკვლავი, ეროვნული ორნამენტით... ვფიქრობ, რომ ეროვნული ელემენტის გაჩენა გერბზე, იოსებ სტალინის ნაციონალური პოლიტიკის ნაწილი იყო: ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური. დაახლოებით იგივე მოვლენა იყო, რაც ეროვნული ტანსაცმელი, სიმღერები, მაგრამ არსებითად სოციალისტური, ერთგვარი გამოშიგნული ეროვნულობა, თუმცა ჰერალდიკური თვალსაზრისით, ცხადია, რომ საქართველო გამორჩეული იყო, განსხვავებული იყო...

- შვიდიქიმიანი იყო 1990 წელს აღდგენილი საქართველოს სახელმწიფო გერბიც...

- მართალია, მაგრამ სანამ დამოუკიდებელი საქართველოს გერბზე გადავიდოდე, მინდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის დროშაზეც გითხრათ, 1951 წელს შეიქმნა და მისი ავტორია სევერიან მაისაშვილი. ამ მხატვარს ბევრი იცნობს ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებით, მაგრამ საბჭოთა საქართველოს დროშის ავტორიც არის. კომპოზიციურად საკმაოდ გამართული დროშაა და მზეს გამოხატავს. თუმცა შესაძლოა ჩამავალ მზესაც...

რაც შეეხება დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლიკას, 1990 წლის 14 ნოემბერს პირველივე სესიაზე მოხდა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენა. იმ დღის ცნობილი კადრებია, რომელზეც ზვიად გამსახურდია დროშით შემოდის უზენაესი საბჭოს დარბაზში, დროშა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს უჭირავს ისტორიულია და სწორედ ის დროშა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის შეფიცულმა ალექსანდრე სულხანიშვილმა ჩამოიტანა საქართველოში რამდენიმე დღით ადრე... მოხდა სიმბოლური გამთელება, დროთა კავშირი აღდგა. კანონის მიღების შემდეგ სახელმწიფო გერბის და დროშის დადგენაზე მუშაობდნენ მიხეილ მაყაშვილი და მალხაზ ბუთხუზი, ასევე დღევანდელი სახელმწიფო გერბის ავტორი ბატონი მამუკა გონგაძე. იყო გერბის და დროშის რამდენიმე ვარიანტი, ასევე ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ ფულის ერთეული გამოსაშვებად იყო გაკეთებული ესკიზები... სადაც ისევ იჩინა თავი ამირანის გამოსახულებამ.

საერთოდ მთავარი იდეა ამ 100 წლის განმავლობაში გასდევს საქართველოს რესპუბლიკას, ცხადია არ ვგულისხმობ საბჭოთა პერიოდს, და სიმბოლურიც არის, რომ საბჭოთა ტოტალიტარიზმის წლებში საქართველოს სახელმწიფო გერბზე არ შეიძლება გამოსახული ყოფილიყო სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე... ჩვენ გამოცემის ბოლოს ყდაზე გამოვიტანეთ ივანე ჯავახიშვილის სიტყვები თუ რატომ უნდა იყოს თეთრი გიორგი საქართველოს სახელმწიფო გერბზე, ასევე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შეხედულება, რომ წმინდა გიორგი ქართული ცნობიერების, მებრძოლი სიკეთის ხატია და ბატონი ელდარ შენგელაიას ამონარიდი სტენოგრაფიული ჩანაწერიდან, როდესაც ის 2004 წელს საქართველოს პარლამენტს უსაბუთებდა წმინდა გიორგის სახელმწიფო გერბად დამტკიცების აუცილებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პიროვნებები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობდნენ... მათი შეხედულებები ემთხვევა და ემთხვევა იდეურად, სახელმწიფოებრივად, რადგან წმინდა გიორგი ეროვნული საკითხია.

- ახსენეთ ელდარ შენგელაია, რამდენად დიდია მისი წვლილი თანამედროვე სახელმწიფო სიმბოლოების შემუშავებაში?

- ბატონი ელდარი დღესაც ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეა, 1990-იან წლებში სწორედ მისი მოთავეობით დაიწყო მოკვლევა თუ როგორი იყო საქართველოს სახელმწიფო დროშა ისტორიულად, როგორი იყო, შეიძლება ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფო გერბი. 1999 წელს ბატონი ელდარის მეცადინეობით საქართველოს პარლამენტმა გამოიტანა დადგენილება საქართველოს სახელმწიფოს ისტორიული ატრიბუტიკის აღდგენის მიზანშეწონილობის შესახებ. უკვე მაშინ იყო მომზადებული ახალი სახელმწიფო დროშის პროექტი. ამ საქმეში იყვნენ ჩართულები ისტორიკოსები, ბატონი დავით მუსხელიშვილი, ჰერალდიკის სპეციალისტები, მათ დაუსაბუთეს საქართველოს პარლამენტს, რომ ხუთჯვრიანი დროშა საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს მთავარ სახელმწიფო სიმბოლოს... საკითხს ჰყავდა მოწინააღმდეგეები პარლამენტში, ჩვენ აღნიშნული დავები ავსახეთ გამოცემაში სტენოგრაფიული ჩანაწერების სახით, მათ შორის ჰყავდა ისტორიკოსებში... თუმცა მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა ხუთჯვრიანი დროშა დღეს საქართველოსთან არის გაიგივებული, როგორც ჩვენს საზოგადოებაში ისე მსოფლიოში.

- საქართველოს სახელმწიფო გერბს დაუბრუნდა ურჩხულის გამოსახულება, რატომ?

- როგორც ვთქვი, იდეურად სიკეთის დაწინაურება ბოროტებაზე დასრულებული სახით სწორედ ასე შეიძლება იყოს წარმოდგენილი. სხვათა შორის ნოე ჟორდანიას მოგონებებში უწერია, რომ მომეწონა თეთრი გიორგი ცხენზე კოხტად შემომჯდარი და მარდად მფრინავიო. დამეთანხმებით, რომ გალაღებული რაინდი იდეური შინაარსის თვალსაზრისით ცარიელია. 2004 წლის შემდეგ დასრულებული სახე მიიღო ამ იდეამ. დღევანდელი გერბის ავტორია ბატონი მამუკა გონგაძე. გერბზე გამოსახული წმინდა გიორგი შედგენილი ნახატია, ურჩხული დაწინწკლულია და მრავალძალის ეკლესიის კომპოზიციიდან არის აღებული, ბატონი მამუკა იხსენებს, რომ პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას მინიშნებით მიაქცია ყურადღება მრავალძალის კომპოზიციას, სადაც თეთრი რაინდი ამარცხებს ვეფხს... ისევ თანხვედრა ვეფხისტყაოსანთან...თავად წმინდა გიორგი ლაბეჭინას და ხირხონისის ჭედური ხატების საფუძველზე შექმნილი ფიგურაა. გამოცემაში აგრეთვე წარმოდგენილია გერბი, ბატონი მამუკა გონგაძის ავტორობით, რომელმაც გაიმარჯვა კონკურსში, მაგრამ რომელიც არ დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. ჰერალდიკური თვალსაზრისით გაცილებით, რთული და შინაარსობრივად დატვირთული გერბის უარყოფა მოხდა, არ აისახა საქართველოსთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი სიმბოლოები ოქროს საწმისი, კვართი უფლისა, ცეცხლოვანი მთა... ვერ მოხერხდა საქართველოს პარლამენტში ამ გამოსახულებების დაცვა. თუმცა ჩამოთვლილი სიმბოლოები აისახა მუნიციპალურ სიმბოლოებში, ოქროს საწმისი დღეს ქუთაისი გერბზეა გამოსახული, ასევე ფოთის, ისტორიული ფაზისის გერბზე... ასევე ცეცხლოვანი მთა, როგორც იბერიის სიმბოლო აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალურ გერბებში გვხვდება. გაიმარჯვა ისევ გამაერთიანებელმა, წმინდა გიორგიმ...

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა