თემურ მურღულია - 13 წელია, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება და ამ პერიოდის განმავლობაში გაგრილების სისტემა არ გვქონია

13 წელია, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, ამ პერიოდის განმავლობაში გაგრილების სისტემა არ გვქონდა და იმ ფონეზე, როდესაც აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს, გასაკვირია პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის ყველა ცენტრი აღჭურვილი, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ ბრიფინგზე განაცხადა.

“სიგრილე კარგია, მაგრამ ეს უკავშირდება ხმაურს, უკავშირდება ელექტროენერგიის მოხმარებას არა ფასის, არამედ სიმძლავრეების კონტექსტში. ამას სჭირდება შესაბამისი მომზადება სკოლებში, რაც მიმდინარეობს და დროულად დასრულდება. უახლოეს პერიოდში, ამინდის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ აბიტურიენტებისთვის სათანადო პირობები შეიქმნას“, - განაცხადა თემურ მურღულიამ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში (2 დ 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი შეიცვალა:

ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).

5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).

იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტების უმეტესობას უკვე ამობეჭდილი აქვს საგამოცდო ბარათი, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. აბიტურიენტი გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა