საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში დღეს, „ICOM საქართველოს“ ორგანიზებით საერთაშორისო ფორუმი - “მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის" გაიხსნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.
საერთაშორისო ფორუმი "კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018"- ის ფარგლებში ტარდება. ღონისძიება იმართება პროექტის - "მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის" ფარგლებში, რომელიც შემუშავდა ICOM საქართველოს მიერ ICOM-ის ევროპის მუზეუმების რეგიონულ ალიანსთან (ICOM Europe Alliance) თანამშრომლობით.
პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს ვორკშოპის ჩატარებას (3-4 ივლისი) სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმების თანამშრომლებისათვის (16 მონაწილე).
საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავს, რომ 21-ე საუკუნის მუზეუმის როლის სწორად გაცნობიერება და გაანალიზება მოხდეს, საზოგადოების განვითარების საკითხებში. ფორუმი ფართო საზოგადოებას გააცნობს მსოფლიო გამოცდილებას თანამედროვე მუზეუმის საზოგადოებრივი მნიშვნელობის, მისი სოციალური და ინკლუზიური ფუნქციის გამოწვევებისა და განვითარების საკითხებში, ამ მიმართულებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს გაუზიარებს, ასევე, დამსწრე საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელ-დისკუსიაში.
ფორუმის მთავარი სპიკერია ICOM-ის პრეზიდენტი სუეი აქსოი.
ფორუმი ერთდღიანია და მასში მონაწილეობას იღებენ სამუზეუმო სფეროს წამყვანი ექსპერტები: ICOM ევროპის პრეზიდენტი, ICOM-ის შემოწირულობათა ფონდის დირექტორი, NEMO-ს (ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი) გენერალური მდივანი, ICOM-CIDOC-ის პრეზიდენტი; კულტურის პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტი; ასევე, ICOM-ის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნული კომიტეტების პრეზიდენტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი.
ღონისძიების პარტნიორია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.