მთავრობის საპარლამენტო მდივანი - განათლების სამინისტროსთან შერწყმით კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტები არ დაიკარგება

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის აზრით, განათლების სამინისტროსთან შერწყმით კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტები არ დაიკარგება.

ამის შესახებ მიქელაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სადაც მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ კანონპროექტთა პაკეტს განიხილავენ.

„დღეს უკვე დაჩქარებული წესით იწყება განხილვა მთავრობის წარმოდგენილი ინიციატივის, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას შეეხება. აღნიშნულს წინ უძღოდა საკმაოდ ვრცელი კონსულტაციები, მათ შორის უმრავლესობის წევრებთან და მთავრობაში. შესაბამისად, მიღებული იქნა ის გადაწყვეტილება, რაც არის წარმოდგენილი. დამატებითი კონსულტაციების გამართვის შესახებ ჩემთვის არ არის ცნობილი. მოგეხსენებათ, განათლების სამინისტროს მიუერთდება სპორტის და კულტურის სამინისტრო. კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე სამინისტროს პრიორიტეტი ხომ არ იქნება დაკარგული, ვფიქრობთ, რომ არ არის - პირიქით, კიდევ უფრო გაძლიერება მოხდება ამ სამინისტროების გაერთიანებული უწყების სახით“, - განაცხადა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება. კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება. ახალი სამინისტროს სახელწოდება იქნება - საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლე იქნება. უქმდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. აღნიშნული უწყების ფუნქციები და უფლებამოსილებები (გარდა სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოების და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა. იუსტიციის სამინისტრო, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გადაეცემა. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება. ასევე უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ყალიბდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. უფრო კონკრეტულად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულების, მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულების, რეპატრიაციის მიმართულების) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება. ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ის ფუნქცია, რომელიც დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებას ეხება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა. მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულება გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო რეპატრიაციის მიმართულება - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. სამთავრობო სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები სივრცითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა