მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი - ნაზიბროლა ჯანეზაშვილი თვითონ გვეძახის „ძველ ბიჭებს“, „კლანის წევრებს“, „უსინდისოებს“, „უზრდელებს“ და „ნარჩენებს“

ნაზიბროლა ჯანეზაშვილი გვეძახის „არაკეთილსინდისიერებს“, „ძველ ბიჭებს“, „კლანის წევრებს“, „უსინდისოებს“, „უზრდელებს“, „ნარჩენებს“, მისი განცხადებები არის პოპულისტური და დემაგოგიური, - ასე უპასუხა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მეთოფიშვილის გამონათქვამები საბჭოს არამოსამართლე წევრის მიმართ შეურაცხმყოფელი და არაეთიკურია.

როგორც მეთოფიშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჯანეზაშვილი ცდილობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი დააშანტაჟოს.

„თვითონ ნაზიბროლა ჯანეზაშვილი გვეძახის „არაკეთილსინდისიერებს“, „ძველ ბიჭებს“, „კლანის წევრებს“, „უსინდისოებს“, „უზრდელებს“, „ნარჩენებს“ და ა.შ. და ამასთანავე, აცხადებს, რომ ეთიკის ნორმები ჩვენზე არ ვრცელდებაო. 11 ივნისის სხდომაზე პირდაპირ ვუთხარი, რომ მისი განცხადებები პოპულისტური და დემაგოგიურია. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საჩივარი შეიტანოს დამოუკიდებელ ინსპექტორთან, დაელოდოს განხილვის შედეგებს და შემდეგ შეაფასოს. ჯანეზაშვილი სხვაგვარად მოიქცა. 20 ივნისს მან ჟურნალისტებთან თქვა: შევიტან მეთოფიშვილის წინააღმდეგ საჩივარს და ეს იქნება ერთგვარი ტესტი, რამდენად დამოუკიდებელია ინსპექტორიო. ამით წინასწარ აშანტაჟებს დამოუკიდებელ ინსპექტორს. თქვენი მედიასაშუალებით მოვუწოდებ დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომ არ მოექცეს ჯანეზაშვილის შანტაჟის ქვეშ, დარჩეს ობიექტური და დამოუკიდებელი“, - განაცხადა მეთოფიშვილმა.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ ჯანეზაშვილის მსგავსი პრეტენზიები საბჭოს სხვა არამოსამართლე წევრებს არ გამოუთქვამთ.

„ყველა სხდომა უპრეცედენტოდ ღიაა, ესწრებიან ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამიტომ მოვუწოდებ მათ, საჩივარს დაურთონ ის განცხადებები, რასაც შეურაცხმყოფელად და არაეთიკურად მიიჩნევენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯანეზაშვილი თავად აკეთებს პოპულისტურ და დემოგოგიურ განცხადებებს და მე ამას დავადასტურებ. რაც ახლა ჯანეზაშვილმა გააკეთა, სამართლებრივად აბსურდია, ასეთივე აბსურდულ განცხადებებს აკეთებს ხშირად, რაც მის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. ეს არის ჩემი შეფასება მისდამი და ამას ვერავინ ამიკრძალავს. გარდა ამისა, სხვა არამოსამართლე წევრები რატომ არ ამბობენ, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, მაგალითად, შოთა ქადაგიძე, ირმა გელაშვილი, ზაზა ხარებავა, ყველა ხომ არ აკეთებს ასეთ განცხადებებს? მხოლოდ ნაზიბროლა ჯანეზაშვილი გრძნობს თავს შეურაცხყოფილად?!“, - აცხადებს მეთოფიშვილი.

კითხვაზე: თუ ჯანეზაშვილის გამონათქვამები მოსამართლე წევრებისთვის შეურაცხმყოფელია, რატომ არ მიმართეს მის წინააღდეგ დამოუკიდებელ ინსპექტორს? - მეთოფიშვილი პასუხობს: „სწორედ მაგაზე ვმუშაობთ, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც გავრცელდეს იგივე ეთიკის ნორმები, რაც მოსამართლე წევრებზე ვრცელდება. ახლა მათ წინააღმდეგ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. როცა ვსაუბრობთ, რომ რეგულაციები მათზეც გავრცელდეს, ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. არათანაბარი პირობები და დისკრიმინაციული მიდგომა სწორედ ეს არის“, - აღნიშნა მეთოფიშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს, ქეთევან ცინცაძეს მიმართავს. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა მოქმედებები თუ განცხადებები ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება მოსამართლის მაღალ სტატუსს და მოსამართლის ეთიკის სტანდარტებს. გარდა ამისა, ჯანეზაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის გამოსვლები და შეფასებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე გაჯერებულია არაეთიკური გამონათქვამებით, ცინიზმითა და ცრუ ინფორმაციით მის მიმართ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა