საქართველოს 8 რეგიონში რძის გადამამუშავებელი სხვადასხვა სიმძლავრის 13 კოოპერაციული საწარმო აშენდება

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამაში გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს 8 რეგიონში, რძის გადამამუშავებელი სხვადასხვა სიმძლავრის 13 კოოპერაციული საწარმო აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გვესოს ფერმა“ თხის ყველის წარმოებას გეგმავს.

უწყების ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 280-ზე მეტ მეპაიეს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის ფარგლებში კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „გვესოს ფერმას“ გადაეცემა თხის 12 ადგილიანი საწველი და ყველის დამამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თანამონაწილეობას წარმოადგენს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება პროგრამის ფარგლებში გადასაცემი აღჭურვილობა.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება.