ლევან ხაბეიშვილი - მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს შეისწავლონ, საიდან შეიძინა დავით ნარმანიამ 180 000 დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ, საიდან შეიძინა თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ 180 000 დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, თბილისის ყოფილმა მერმა ცოტა ხნის წინ შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ მიმდინარე წელს დიღმის ქუჩა #7–ში, 1 500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი 180 000 დოლარად შეიძინა. ხაბეიშვილის განცხადებით, დეკლარაციაში ნარმანიას მითითებული აქვს, რომ აღებული აქვს 50 000 დოლარის იპოთეკური სესხი, თუმცა დეკლარაციაში არ ჩანს 130 000 დოლარის წარმომავლობა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ნარმანიას ოჯახის წევრების სახელზე კიდევ გაჩნდება „პატარ-პატარა ქონება“, რომელმაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინოს.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან და არა მარტო. დავით ნარმანიას მიერ შევსებული დეკლარაციიდან გაურკვეველია, საიდან მოიტანა ნარმანიამ 130 000 დოლარი. შემოსავლებით დგინდება, რომ ნარმანიას წლიდან წლამდე შემოსავალი 40 000 ლარი აქვს, თუმცა აჩვენებს, რომ 180 000 დოლარი გადაიხადა მიწის ნაკვეთში. ამას თუ ლარში გადავიყვანთ, ფაქტობრივად, ნახევარ მილიონ ლარამდე თანხა გამოდის. საიდან მოიტანა ნარმანიამ ეს თანხა, არავინ იცის. საგამოძიებო სამსახურმა, აუდიტმა და ვისაც ეხება, მათ უნდა დაადგინონ ამ თანხის წარმომავლობა. თავისავე შევსებულ დეკლარაციაში გვიწერს ნარმანია, რომ 130 000 დოლარი იპოვა და რომ იპოვა, ისიც არ აქვს მითითებული. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ნარმანიამ და შესაბამისმა უწყებებმა აუხსნან, საიდან მოფრინდა 130 000 დოლარი დამატებით ნარმანიას ე.წ. ყულაბაში. ჩემთვის გასაგებია, რომ კორუმპირებულია, რომ სახელმწიფოს გარკვეული ქონება მიითვისა, ეს ზედაპირზე დევს. ამ ფაქტით არაფერი განსხვავებაა ყოფილ მთავარ პროკურორ ფარცხალაძესა და ნარმანიას შორის. ფარცხალაძემ, როგორც კი გადადგა პროკურორობიდან, ერთ დღეში შეიძინა 2 მილიონი ლარის ქონება. ამ შემთხვევაში ნარმანიამ დაიწყო „ნაშოვნის“ გამოჩენა და პირველ ჯერზე 180 000 გვაჩვენა, რომ სადღაც იპოვა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა