შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არასრულწლოვნებში დანაშაულის შემცირებისთვის, პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა გამოსავალი არ არის.
ნათია მეზვრიშვილი გუშინ, თბილისში, იუსტიციის სახლთან, ორი არასრულწლოვნის დაკავების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი აყვანისას პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
„ჩვენ გვაქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძალიან კარგი კოდექსი. ის, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები და არ გვაქვს შესაბამისი სერვისები იმისთვის, რომ მოვახდინოთ არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, განსაკუთრებით კი 14 წლამდე ასაკის პირების, არ ნიშნავს იმას, რომ აქედან გამოსავალი არის პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა. ესაა ჩემი პოზიცია. გუშინდელ ფაქტს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა და ვსწავლობთ საკითხს, ხომ არ ჰქონდა პოლიციელების მხრიდან რაიმე გადაცდომას ადგილი მაშინ, როდესაც არასრულწლოვანი განყოფილებაში გადაჰყავდათ,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.