გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი- თბილისში არის სახიფათო უბნები მშენებლობისთვის, კლდეების და მთების ქვეშ ხდება განაშენიანება, რაც დაუშვებელია

თბილისში არის სახიფათო უბნები მშენებლობისთვის და განაშენიანებისთვის, სადაც კლდეების და მთების ქვეშ ან თავზე ხდება განაშენიანება, ეს დაუშვებელი პროცესია, რამაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები გამოიწვიოს, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სალუქვაძე ამბობს, ასეთ ტერიტორიებზე გენგეგმის დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდვის ზონებია დაწესებული. მისივე განმარტებით, მსგავსი ტერიტორიებია მთაწმინდაზე, მამადავითის მიმდებარედ, ასევე ჟვანიასა და ყიფიანის ქუჩებზეც.

„თბილისში არის სახიფათო უბნები მშენებლობისთვის და განაშენიანებისთვის. მაგალითად, მამადავითის ფერდის ტერიტორიაზე, თბილისის გარშემო მაღლობებზე არის მოძრავი ქანები. ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებიც გვახსოვს, ყიფიანის ქუჩაზე კლდის ნაწილის ჩამოშლაც იმან გამოიწვია, რომ გათვალისწინებული არ იყო ტერიტორია საყრდენი კედლის გაკეთებისთვის. გენგეგმის დოკუმენტში რეკომენდაციები არ გვაქვს ბევრ ტერიტორიაზე გაცემული, რომ არ მიეკაროს მერია, აიკრძალოს მშენებლობა და ა.შ. ბევრ ასეთ ტერიტორიაზე არის ნაკვეთები გაცემული, მაგრამ ყურადღებაა საჭირო და საკმაოდ სკულპულოზური კვლევა სჭირდება, სად შეიძლება განაშენიანება და სად - არა. რაც უფრო მოერიდებიან ასეთ ტერიტორიებს, უკეთესი იქნება. ქალაქის ცენტრში ტერიტორია აღარ არსებობს და კარგად ვიცით, რომ კლდეების და მთების ქვეშ ან თავზე ხდება განაშენიანება, ეს დაუშვებელი პროცესია, რამაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები გამოიწვიოს.

ასევე, მამადავითზე შეზღუდვის ზონებია დაწესებული და მერია ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს განაშენიანებას. მე რამდენადაც ვიცი, ჟვანიას ქუჩაზე შეთანხმებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც კიდევ უფრო დიდ პრობლემას იწვევს. რასაც ჩვენ თბილისის მერიასთან მივაღწიეთ არის ის, რომ შეზღუდვის ზონების დადებით, რომელიც არსებულ გენგეგმას არ ჰქონდა და ახლა შევათანხმეთ, მერია ძალიან კმაყოფილია. ვფიქრობ, მერიას განზრახული აქვს, ეს გენგეგმა შესრულდეს“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

რაც შეეხება კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, მერიას გენგეგმის ავტორებმა ტერიტორიების ჩანაცვლების ან კომპენსაციების გაცემის რეკომენდაციები მისცეს.

„კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ სკულპულოზურად გავარჩიეთ. ვნახეთ ყველა ის ტერიტორია, სადაც უკვე არის ასეთი კერძო საკუთრებები. არის ტერიტორიები, სადაც ვერაფერს ვიზამთ, შეზღუდული იქნება განვითარება. შევთანხმდით, რომ სადაც არის საშიში გეოდინამიკური ზონები, წყალდაცვითი ზონები, მეწყერსაშიში ზონები, ღვარცოფების საფრთხეები, სატყეო ტერიტორიებზე და ა.შ. ეს ყველაფერი დაცვას და შენარჩუნებას გულისხმობს. ათწლეულების განმავლობაში ყოველგვარი სისტემის გარეშე გაცემული ნაკვეთებზე მერიას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. შესაძლოა, იყოს მიღებული კომპენსაციების გაცემის საკითხი. საკუთრებას არავინ არავის ართმევს, მაგრამ იქ, სადაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, კანონს არღვევს ნაკვეთის ლოკაცია, მერია ადგილმონაცვლეობასთან ან კომპენსაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებს. არ არის ეს დიდი ტერიტორიები, რომ ქალაქმა ადგილმონაცვლეობა ვერ შეძლოს. როგორ უნდა მოიქცეს მერია, რეკომენდაციები უკვე აქვს.

იქ, სადაც ვთვლიდით, რომ განაშენიანება არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ გაცემულია ნებართვები, ჩვენ ეს ტერიტორიები შეუსაბამო ტერიტორიებად გვაქვს მითითებული. ასევე, არის სარევიზიო ტერიტორიები, სადაც მითითებული გვაქვს, რა უნდა გაკეთდეს ამ რევიზიის დროს“, - განაცხადა სალუქვაძემ და დასძინა: „საბოლოო ჯამში, მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც მერიისთვისაც მისაღებია და ქალაქის სწორად გავითარებისთვისას უმნიშვნელოვანესია. ეს პროცესი ბოლოს და ბოლოს უნდა დაიწყოს“.

ცნობისთვის, მიწათსარგებლობის გენგეგმაში, დედაქალაქის ტერიტორიის 20% ბუნებრივი საფრთხის მაღალი საშიშროების კატეგორიაში მოხვდა. რაც შეეხება დედაქალაქის ტერიტორიის 51%-ს ბუნებრივი საფრთხის დაბალი საშიშროების კატეგორიაშია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა