თსუ-სა და საპარტნიორო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპარტნიორო ფონდის შვილობილ კომპანიებში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ პრაქტიკას გაივლიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საპარტნიორო ფონდს შორის მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მოაწერეს.

გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საპარტნიორო ფონდი სტუდენტების სტაჟირების გარდა, თანამშრომლობის სხვა საკითხებსაც განიხილავენ.

„ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედი მხოლოდ ეს არ არის. ცოდნის ტრანსფერი, საინოვაციო მიმართულებები - ეს ის თემებია, რომლებსაც საპარტნიორო ფონდთან განვიხილავთ და იმედია, უნივერსიტეტი და ფონდი კიდევ ბევრ სფეროს გამონახავენ, სადაც ერთმანეთს წაადგებიან“, - აღნიშნა შარვაშიძემ.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალი დონის თეორიულ განათლებას აძლევს, საპარტნიორო ფონდი კი მათ პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს.

„უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სტუდენტების ჯგუფი იმ საწარმოებში გაივლის სტაჟირებას, სადაც ჩვენი კაპიტალი გვაქვს ჩადებული, ასევე ჩვენს სათაო თუ შვილობილ კომპანიებში. იმედია, მომავალში მათი დიდი ნაწილი თავის დასაქმების ადგილს იპოვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვისაც და იმ საწარმოსა და ბიზნესისთვისაც, რომელიც საქართველოში მაღალი დონის თეორიული მომზადების და პრაქტიკული ცოდნის მქონე კადრებს ეძებს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

თსუ-ს ცნობით, საწყის ეტაპზე თსუ სტუდენტებისთვის საპარტნიორო ფონდის შვილობილ კომპანიებში 35 ადგილი იქნება გამოყოფილი.