ალექსანდრე ხვადაგიანი - ჭუბერში, სტიქიის ზონაში 5 კრიტიკული წერტილია

ჭუბერში, სადაც სტიქია მძვინვარებს დაახლოებით 5 კრიტიკული წერტილია, - ამის შესახებ „ ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხვადაგიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს წყლის დონის მატება-კლებასთან დაკავშირებით მონიტორინგი.

ხვადაგიანის განმარტებით, ადგილზე მობილიზებულია ვერტმფრენი, თუმცა მისი ჩართვის აუცილებლობა ამ დროისთვის არ დგას.

რაც შეეხება მოსახლეობის მდგომარეობას, ალექსანდრე ხვადაგიანის ინფორმაციით, სტიქიის გამო 6 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, რომლებმაც თავი ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლებს შეაფარეს. მისივე განმარტებით, სტიქიის გამო არავინ დაშავებულა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 150 მაშველი მონაწილეობს.

„ამ დროისთვის ადგილზე, დაახლოებით, 5 კრიტიკული წერტილია. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ძალები. სიტუაცია კონტროლზეა აყვანილი. სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, იქ ჩვენი მეხანძრე-მაშველები იცავენ მუშა პროცესის უსაფრთხოებას. ასევე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს წყლის დონის მატება-კლებასთან დაკავშირებით მონიტორინგი. ხეობაში, სტიქიის ადგილიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში, ხიდზე ჩვენი მაშველები დგანან, რომლებიც აკონტროლებენ წყლის დონის მატებას და კლებას. მატების ან კლების შემთხვევაში შეტყობინება მყისიერად გადმოიგზავნება. არსებობს იმის დრო, რომ მოხდეს ტექნიკის უსაფრთო ადგილზე გადაყვანა. რაც შეეხება კონკრეტულად წყლის დონის მომატების მოლოდინს, ამის მოლოდინი არ გავქვს, თუმცა მაინც ვერაფერს გამოვრიცხვთ და შესამამისად, მზად ვართ ყველანაირად. ევაკუირებულმა მოსახლეობამ ღამე ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლში გაათენა. ვითარება, რომ ვინმეს საველე პირობებში გაეთენებინა ღამე, არ გვქონია“, - განაცხადა ხვადაგიანმა.

მისივე თქმით, ადგილზე ყველა საჭირო ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენიც მობილიზებულია.

„თუ გახდება ვერტმფრენის გამოყენების საჭიროება, ასეთ შემთხვევაში ვერტმფრენი მზად არის. თუმცა ამ ეტაპზე ეს საჭირო არ არის. ვერტმფრენი სვანეთშიც არის და ბაზაზეც არის. ამინდი ნორმალურია, ღამის განმავლობაში წვიმდა, ახლა კი დასტაბილურდა ვითარება და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“, - განაცხადა ალექსანდრე ხვადაგიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა