მამუკა ბახტაძე - სტიქიის ზონიდან უახლოეს საათებში რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ, სხვა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ

უახლოეს საათებში რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ სტიქიის ზონიდან, სხვა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭუბერში განაცხადა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პრემიერის თქმით, ვერტმფრენი 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებს სიტუაციას და წყლის დონის მატების შემთხვევაში, დამატებითი ზომები იქნება მიღებული.

“წყლის დონე არ არის დაწეული, აქედან გამომდინარე, საგანგებო შტაბში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის სახლები, რომლებსაც ემუქრება საფრთხე, ბუნებრივია, არის დაცლილი. მოსახლეობას ვეხმარებით, რომ თავიანთი ნივთები გამოიტანონ სახლებიდან, მაგრამ გზის კაპიტალურ შეკეთებას იქამდე ვერ დავიწყებთ, ვიდრე წყლის დონე არ დაიწევს. ახლა ვცდილობთ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, რომ მდინარემ არ მოახდინოს გზის კიდევ უფრო მეტად გამორეცხვა. ევაკუაცია ჩვენ უკვე გავაკეთეთ იმ ადგილებში, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა, რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ კიდევ უახლოესი საათების განმავლობაში, სხვა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ. ვერტმფრენი მორიგეობს, ვაკონტროლებთ ყველაფერს 24 საათიან რეჟიმში, რომ წყლის დონის მომატების შემთხვევაში მივიღოთ დამატებითი ზომები, ამ ეტაპზე ეს რისკები არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში იმყოფება.

პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩავიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე წუთებიდან ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. ადგილზე იმყოფება საგანგენო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე აკონტროლებენ ვითარებას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები.

სოფელ ჭუბერში იმყოფებიან მხარის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მობილიზებულია დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა უახლოესი ლოკაციებიდან.

საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ჭუბერის მკვიდრი მოსახლეობის ევაკუაცია.