გიორგი მარგველაშვილი - იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირზე არ ვისმენდეთ ტრაგიკული ისტორიების საგას, საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკურორი გვჭირდება

„მთავარი პროკურორის კანდიდატურების თაობაზე მსჯელობა არის ზურგის შექცევა იმ მთავარი საკითხისთვის, რომელიც საზოგადოებამ ძალიან ნათლად დააყენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავარი პროკურორის კანდიდატების შერჩევის პროცესი აქტიური საჯარო განხილვებით უნდა წარმართულიყო, რაც არ მომხდარა.

„მთავარი პროკურორის კანდიდატურების თაობაზე მსჯელობა არის გაქცევა იმ მთავარი საკითხიდან, რომელიც საზოგადოებამ ძალიან ნათლად და აქტუალურად დააყენა. ეს საკითხი მდგომარეობდა შემდეგში: უნდა მოხდეს პროკურატურის დეპოლიტიზება და მთავარი პროკურორი ისე უნდა შეირჩეს, რომ მას საზოგადოების მაღალი ნდობა ჰქონდეს.

ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიური საჯარო კონსულტაციები უნდა მომხდარიყო. მე რამდენადაც ვაკვირდები, ისე მოხდა კანდიდატურების დასახელება, რომ საზოგადოებრივი განხილვები არ ყოფილა. შესაბამისად, ცალკე კანდიდატურებზე მსჯელობა არის გაქცევა საზოგადოების მთავარი შეკვეთიდან, რომ ეს იყოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პროფესიონალი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იმ საკითხების გვერდზე გადადება მოხდა, რაც ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოწიეს. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირზე არ ვისმენდეთ ტრაგიკული ისტორიების საგას, საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკურორი გვჭირდება.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოწეული საკითხები უცებ გვერდზე გადაიდო და დავიწყეთ მსჯელობა კონკრეტულ კანდიდატურებზე. მე არც ერთ კანდიდატურაზე პოზიციას არ დავაფიქსირებ, რადგან მთავარი არის თვითონ პროცესის განხორციელება. იმისთვის, რომ ჩვენ არ ვისმენდეთ რუსთაველის გამზირზე ტრაგიკული ისტორიების მთელ საგას, რომლის მოსმენაც სამწუხაროდ მოგვიხდა, გვჭირდება საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკურორი, რომელსაც გარდა მაღალი სანდოობისა, ექნება სისტემის შინაარსობრივი რეფორმის განხორციელების შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს