ქუთაისის მერია მოსკოვის თეატრის გასტროლთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. „ქუთაისის მერიას არანაირი კავშირი არა აქვს 8 ივლისს მესხიშვილის თეატრში გამართულ სპექტაკლთან. აღნიშნული სპექტაკლი, როგორც ჩემთვის ცნობილია ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. მეტ ინფორმაციას აღნიშნული გასტროლის შესახებ, ჩვენ არ ვფლობთ“, - განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა თამთა თურმანიძემ.
ასევე აღნიშნულ გასტროლთან დაკავშირებით ყველანაირი კავშირი უარყვეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის სცენის მოსკოვის თეატრისთვის დათმობა გააპროტესტა და იმერეთის გუბერნია და ქუთაისის მერია რუსული პროპაგანდის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.