საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მოსკოვში ჩასვლას გეგმავენ. ამის შესახებ AFP-ს მაკრონის გარემოცვაში განუცხადეს.
ეს ემანუელ მაკრონისთვის რუსეთში მესამე ვიზიტი იქნება. მაისის ბოლოს მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიწვევით პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. გუშინ კი სანქტ-პეტერბურგში გამართულ ნახევარფინალურ მატჩს დაესწრო.
საფრანგეთის ნაკრებმა ფინალის საგზური გუშინ, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოიპოვა. მეორე ნახევარფინალისტის ვინაობას დღეს ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებები გაარკვევენ. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი 15 ივლისს, მოსკოვში, „ლუჟნიკის“ სტადიონზე გაიმართება.