სუს-ის უფროსის მოადგილემ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გახსნა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეოთხე სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა.

უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე წევრმა უწყებებმა საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ბოლო ერთი წლის(2017-2018) ანგარიში წარადგინეს.

სხდომაზე განიხილეს ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებებს შორის არსებული კოორდინაცია. მოწვეულმა სტუმრებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს ქბრბ ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებისა და ამოცანების კუთხით მიღწეულ იმ პროგრესს, რაც საბჭოში შემავალი უწყებების ეფექტური და კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

საბჭოს წევრი უწყებების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს 2017 წლის ნოემბერში, საბჭოს ეგიდით ჩატარებული დონორთა საკოორდინაციო შეხვედრის შედეგების შესახებ და ხაზი გაუსვეს მსგავსი ღონისძიებების გარკვეული პერიოდულობით ჩატარების აუცილებლობას ქვეყანაში ქბრბ უსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილმა და საბჭოს წევრი უწყებების (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების) წარმომადგენლებმა.

სხდომას ესწრებოდნენ აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციის, „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის“ რეგიონული სამდივნოსა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. შეფასდა და შეჯამდა მიმდინარე წლის ღონისძიებები, 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დარჩენილი და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ იყო საუბარი. გაიმართა საინტერესო დისკუსია, სადაც მონაწილეობდნენ როგორც ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ასევე საბჭოს წევრი ქართველი წარმომადგენლებიც. შესაბამისად გაჟღერდა ძალიან საინტერესო ინიციატივები, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებით, რომელთა განხორციელებაც აუცილებლად ეფექტურს გახდის საერთო ძალისხმევასა და ბრძოლას ამ საფრთხეების წინააღმდეგ“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, როგორც საბჭოს თავმჯდომარე უწყებამ, გასწია შესანიშნავი სამუშაო, უზრუნველყო შესაბამისი უწყებების ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სამოქმედო გეგმა შესრულდეს ეფექტურად. ეროვნული სამოქმედო გეგმა არ არის მხოლოდ თაროზე შემოდებული დოკუმენტი, არამედ ის არის ცოცხალი დოკუმენტი და ამ მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრიბუცია არის ფასდაუდებელი“, - განაცხადა გაეროს დანაშაულის და მართლმსაჯულების რეგიონთაშორისი კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა ფრანჩესკო მიორინიმ.