არასამთავრობო ორგანიზაციები ჭუბერში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ადამიანის უფლებებსა და მწვანე საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ჭუბერში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მასში საუბარია კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ და პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტრაძის განცხადებებზე.

„როგორც ცნობილია, ზემო სვანეთში, მდ. ენგურსა და მის შენაკადებზე დაგეგმილია 35 ჰიდროელექტროსადგურის (ჰესის), მათ შორის რამდენიმე, მაღალკაშხლიანის (ხუდონი, ნენსკრა, ფარი, ხაიში და ა.შ.) მშენებლობა, რასაც მოსახლეობა აქტიურად ეწინააღმდეგება.

მათი აზრით, მაღალი გეოლოგიური და სეისმური რისკების მქონე რეგიონში, კლიმატის ცვლილების ფონზე, მსგავსი მშენებლობები კიდევ უფრო ზრდის სვანების საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს დეგრადაციას. აღსანიშნავია, რომ მდინარე ნენსკრას ზედა ნაწილში ჭუბერის თემის ზევით, მიმდინარეობს 130 მეტრი სიმაღლისა და 300 ჰექტარის ფართობის რეზერვუარის მქონე ნენსკრა-ჰესის მშენებლობა. მშენებლობის ნებართვა ამ პროექტზე 2015 წლის ოქტომბერში გაიცა. პროექტის თანახმად, იგეგმება 400 ჰა ხელუხლებელი ტყის გაჩეხვა და დატბორვა.

სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა 2015 წლიდან გამოთქვამს შეშფოთებას ნენსკრა-ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. წინააღმდეგობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ის გარემოებაა, რომ დაგეგმილი კაშხლისა და რეზერვუარის ტერიტორიაზე მოედინება ოკრილზე მეტად ღვარცოფული რამდენიმე მდინარე, ასევე, მდებარეობენ ზვავსაშიში და მეწყერსაშიში უბნები, რომელთა ზეგავლენა ნენსკრა-ჰესზე არასათანადოდაა გამოკვლეული. გეოლოგიური რისკები კიდევ უფრო გაძლიერდება ჰესის პროექტის ზეგავლენის შედეგად, ვინაიდან მშენებლობის პროცესში ტყე/მცენარეული საფარი პირწმინდად მოიჭრება, რაც დამატებით მეწყრულ და ღვარცოფულ კერებს გააჩენს.

არასათანადოდ არის შეფასებული, რომ სტიქიურ მოვლენები თანდათან ისედაც მძაფრდება გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგად, ხოლო ჰესის რეზერვუარის არსებობის გამო შეცვლილი მიკროკლიმატი კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ვითარებას. კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ სტიქიური მოვლენის პირველ დღეს (5 ივლისს) გაავრცელა განცხადება, სადაც უარყო ჰესის მშენებლობის პროექტსა და სტიქიურ მოვლენას შორის კავშირი. კომპანიის მტკიცებით, სტიქიური მოვლენა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის დაცილებით განვითარდა.

2018 წლის 6 ივლისს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტიქიური მოვლენა ტყის უსისტემო ჭრას დაუკავშირა.

კომპანიის ზემოაღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან მდ. ოკრილი და მისი მიმდებარე ტერიტორია ნენსკრა-ჰესის საპროექტო არეალში ექცევა; ეს არეალი, ჰესის პროექტის დაწყებამდე, ჭუბერის თემის საზაფხულო საძოვრებს წარმოადგენდა. მსოფლიოს ტყეების მონიტორინგის საერთაშორისო ონლაინ პლატფორმის „გლობალ ფორესთ ვოთჩის“ (Global Forest Watch) მომზადებულ რუკაზე ნათლად ჩანს, რომ ნენსკრას ხეობის ამ მონაკვეთში, 2000-2017 წლებში, პრაქტიკულად, არ განხორციელებულა ტყის ჭრები.

ამგვარად, არაზუსტი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაც სტიქიური მოვლენის განვითარების მიზეზის შესახებ. მეტიც აღნიშნული განცხადება პასუხისმგებლობის ადგილობრივ მოსახლეობაზე და ინდივიდებზე გადატანის და პოლიტიკური კრიტიკის გადაფარვის მცდელობაა, რაც ეკოლოგიური გამოწვევების გამომწვევი ეკონომიკური და სოციალური მიზეზების გათვალისწინებით უპასუხისმგებლობაა.

ზემო სვანეთის გარდა, საქართველოს სხვა მთიან რეგიონებშიც (ზემო აჭარა, ხევი, რაჭა, ქვემო სვანეთი) დაგეგმილია 100-ზე მეტი ჰესის მშენებლობა. არც ერთი ამ პროექტისთვის დეტალურად არ შეფასებულა გეოლოგიური და სეისმური რისკები და მათი გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგად მათი გაძლიერების საფრთხეები. რაც ამ რეგიონების მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას იწვევს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: მწვანე ალტერნატივა; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს მწვანეთა მოძრაობა; ენერგოეფექტურობის ფონდი; ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია; კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა