სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს ჩარიცხულ 10 წარჩინებულ სტუდენტს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი დააფინანსებს

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში, ჰალილ გუვენი და გუდავაძე-პატარკაციშვილისფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მემორანდუმის მონაწილეებმა აცნობეს, მემორანდუმის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) დარგების პოპულარიზაციას და განვითარებას, ისეთი აქტივობების განხორციელებით, როგორიცაა სასწავლო სტიპენდიები წარჩინებული სტუდენტებისთვის, STEM კონფერენციები, პროფესიული განათლების პროგრამების მხარდაჭერა, და სხვა. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე წელს ჩარიცხულ ათ წარჩინებულ სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან კი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი სრული სასწავლო სტიპენდიით დააჯილდოებს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინოვაციური პროექტები. დამამთავრებელი კურსის სტუდენტები კი დამსწრე საზოგადოებას საკუთარი წარმატების ისტორიას გაუზიარებენ და განათლების სფეროში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) დიდ ყურადღებას უთმობს კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობას. ამ მიზნით უნივერსიტეტმა შექმნა კერძო და საჯარო სექტორთან პარტნიორობის ფონდის (PPPF). ფონდის ფარგლებში SDSU საქართველო უკვე თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან და ფონდებთან რათა მოიზიდოს დამატებითი თანხები სტიპენდიებისთვის, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ დარგებში.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში. აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ფინანსური მხარდაჭერით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015 წლიდან, საქართველოში სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საინჟინრო, სამშენებლო და საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.

გუდავაძე-პატარკაციშვილის საგანმანათლებლო ფონდი მიზნად ისახავს საქართველოს განათლების სისტემის განვითარებას განათლების საერთო დონის ამაღლებისა და განათლების ყველასთვის ხელმისაწვდომობის მიზნით. ფონდის პრიორიტეტებია: სასკოლო განათლება, პროფესიული განათლება და უმაღლესი განათლება.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მისიაა საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა. ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“