ალეკო ელისაშვილი - ბევრი მიჩიჩინებს და არ გამოვრიცხავ, კენჭი ვიყარო საპრეზიდენტო არჩევნებში

პრეზიდენტობის კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც არჩევნებში შესაძლოა კენჭი იყაროს, ალეკო ელისაშვილია. აღნიშნულის შესაძლებლობა ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში არ გამორიცხა.

როგორც მან აღნიშნა, აქტიურად ფიქრობს იმაზე, რომ საკუთარი კანდიდატურა დააყენოს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისივე თქმით, საჯაროდ არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა მხარს, თუმცა ამის სურვილი მას შემდეგ გაუქრა, რაც პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, "ქართული ოცნების" კანდიდატი წარადგინა.

"ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი და ასევე ღიად და საჯაროდ ვამბობდი, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი დააყენებდა საკუთარ კანდიდატურას, მას მხარს ღიად დავუჭერდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გაუგებარი იყო ჩემთვის მარგველაშვილის გადაწყვეტილება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად დაესახელებინა „ოცნების“ კანდიდატი. ამის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე მარგველაშვილის მხარდაჭერის ხასიათი ძალიან წამიხდა. ამიტომ ახლა ბევრს ვფიქრობ, ბევრი ადამიანი მხვდება და მელაპარაკება, ხომ არ ვიფიქრებდი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია - კონსტიტუციის მიხედვით ბოლო არჩევნებია, როცა ხალხმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. ამის შემდეგ ძალიან გაუგებარი წესით აირჩევენ. სულ ველოდები ბოლო წამამდე, რომ გამოჩნდება ისეთი კანდიდატი, ვინც იქნება მებრძოლი, პრინციპული, თანმიმდევრული, თუმცა ასეთს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ბევრი მიჩიჩინებს, რომ ვიფიქრო საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე და არ გამოვრიცხავ, კენჭი ვიყარო საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მმართველ გუნდს არ ეყოლება არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი.

"სალომე ზურაბიშვილი „ოცნების“ კანდიდატი იქნება. სიტყვაში იტყუება ივანიშვილი, რომ ვითომ მხარს არ უჭერენ, სინამდვილეში კი მხარს უჭერენ და აბა, ვისი კანდიდატია?!", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სახით კენჭისყრას სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი აპირებს. არსებული ინფორმაციით კი, „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს და მხარი სწორედ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს ელექტრო მანქანის შესაძენად დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოში პირველად, უძრავი ქონების სკოლა Reschool გაიხსნება
კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში "ყველა ქალი ჩემპიონია"
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა