გია ვოლსკი - ადამიანს, რაც უფრო დიდ თანამდებობაზეა, ჯანმრთელობის პრობლემები მეტად შეიძლება აწუხებდეს - ყველაფერში ეჭვის შეტანა არ მგონია გამართლებული

ადამიანს, რაც უფრო დიდ თანამდებობაზეა, ჯანმრთელობის პრობლემები მეტად შეიძლება აწუხებდეს - ყველაფერში ეჭვის შეტანა არ მგონია გამართლებული, - ამის შესახებ “ინტერპრენიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე, უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ პარლამენტი აირჩევს პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატურას თუ დაელოდება ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში პრეზიდენტი აღარ მონაწილეობს, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გუნდი.

“საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ არის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, მაგრამ ფაქტია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები უფრო დაბალანსებული გახდა. ამასთან დაკავშირებით სასამართლოს მაღალი შეფასება აქვს მიღებული საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციების მხრიდან. საქართველო სასამართლოს ნაწილში საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუმცა რასაკვირველია, პრობლემები არსებობს. რაც შეეხება ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომას, მას უფლებამოსილების ვადა 10-წლით ჰქონდა და ვერავითარი ძალა ადამიანს ვერ აიძულებს გადადგეს, თუ ამის პირადი სურვილი არ აქვს. როგორც ნინო გვენეტაძემ განაცხადა, ეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. ხანდახან ადამიანს, რაც უფრო დიდ თანამდებობაზეა, ჯანმრთელობის პრობლემები მეტად შეიძლება აწუხებდეს - ყველაფერში ეჭვის შეტანა არ მგონია გამართლებული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა 2015 წელს 10-წლის ვადით დაიკავა, პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის ვადები კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 10 წლის ვადით ირჩევს. ახალი რედაქციის კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ კი, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება - პარლამენტი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა