გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ - ცოტათი უფრო მეტს მოველოდი

შინაგან საქმეთა მინისტის გიორგი გახარიას განმარტებით, თუკი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დაადგენს რაიმე ისეთ გარემოებას, რომელსაც საბოლოო შედეგთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჰქონდა, შსს მასზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს. როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კომისიის სხდომაზე მისი გამოკითხვის შემდეგ განუცხადა, საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„ჩვენ არ მოვსულვართ ოპოზიციურ პარტიასთან, არამედ მოვედით კომისიასთან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მოქალაქეებს მინდა ვუთხრა - გამოძიება გრძელდება და ეს არის პროცესი. სასამართლოში გრძელდება გამოძიების ძირითადი ნაწილი, რომელიც ახლა მეორე ინსტანციაშია, გამოყოფილი საქმე გრძელდება და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ, რომ ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის, რომ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ და ამიტომ გავეცით ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც იყო და ასე გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმის დასადგენად, რომ გამოძიების პროცესში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, იყო რაიმე ხარვეზები თუ არა და შესაბამისად ეს არის კომისიის ფუნქცია. მე დღეს კომისიას ვუთხარი, რომ თუ კომისია გამოავლენს, ისეთ ხარვეზებს, რომელსაც პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ზეგავლენა ჰქონდა ამ საქმის საბოლოო შედეგზე, რა თქმა უნდა ჩვენ, შსს მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ჩამოთვალეს დღეს, კომისიას არ აქვს დადგენილი, არის თუ არა პირდაპირ კავშირში საბოლოო შედეგთან. მე ვფიქრობ, რომ არ აქვს კავშირი. თუ კომისია დაადგენს, რომ ასეთი კავშირი იყო, რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის იქნება მთავარი. ჩვენ ველოდებით კომისიის დასკვნას. მე დღეს ცოტათი უფრო მეტს მოველოდი“, - განაცხადა შს მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა