ანა ნაცვლიშვილი - ნინო გვენეტაძემ იმედები ვერ გაამართლა

გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა ნინო გვენეტაძისგან, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან.

"ნინო გვენეტაძის კანდიდატურა თავის დროზე პარლამენტს წარედგინა კონსულტაციების საფუძველზე. პრეზიდენტი ღიად აღიარებდა, არ გაურბოდა იმის თქმას, რომ ნინო გვენეტაძემ მისი და სხვა ბევრი ჯგუფის იმედები ვერ გაამართლა. მეც გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა მისგან, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა. ნინო გვენეტაძემ ვერ გაამართლა ძალიან ბევრის ნდობა, თუმცა მას არანაირი ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროსგან და პარლამენტისგან არ ჰქონია. შესაბამისად, ეს შედეგები, რაც მივიღეთ სასამართლო სისტემაში, არ არის სწორი მხოლოდ ერთ ადამიანს დაბრალდეს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, კანდიდატის შერჩევა მოხდება კონსულტაციების საფუძველზე.

"ჩვენ გვინდა მოვისმინოთ, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს პროცესი, რომ მივიღოთ საუკეთესო შედეგი, როგორ წარმოუდგენიათ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს პროცესის მართვა. ეს შეხვედრა ემსახურება პროცედურების და კრიტერიუმების შესახებ მოსაზრებების მოსმენას. სხვა წრეებთანაც იქნება შეხვედრა. რა თქმა უნდა, იქნება კონსულტაციები პარლამენტთან.

კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს კანდიდატის შერჩევის ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს. მას შეუძლია არავის ჰკითხოს აზრი, მაგრამ პრეზიდენტი იქცევა სხვაგვარად გამომდინარე იმ როლიდან, რომელიც სავალალო მდგომარეობაში მყოფი სასამართლოს თავმჯდომარეს დაეკისრება. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ფართო კონსულტაციების შედეგად გამოვლენილ კანდიდატს წარადგენს",- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. პრეზიდენტი ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევას დღეიდან იწყებს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას დაელოდება, რომლის მიხედვით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და ზოგადად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში პრეზიდენტი აღარ მონაწილეობს. ამ ეჭვის საფუძველს ის ფაქტობრივი გარემოებაც ქმნის, რომ ორ წელზე მეტია პარლამენტში პრეზიდენტის მიერ წარდგენილია უზენაეს სასამართლოში არსებულ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეობის კანდიდატები, თუმცა აღნიშნული საკითხი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში დღემდე არ დამდგარა. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, მათ შორის თავმჯდომარეს პარლამენტს ასარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა