რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს

რუსეთის ყოფილ საელჩოსთან რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ ლოზუნგებს - „რუსეთი ოკუპანტია“,„Stop Russia”. შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ რუსეთი საუკუნეებია საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას ებრძვის, განსაკუთრებული აგრესია კი სწორედ 2008 წლის აგვისტოდან გამოიხატება, სადაც რუსეთმა ომის შემდგომ ოკუპირებული ტერიტორიები გააფართოვა და მავთულხლართები გააბა.

აქციას შეუერთნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ადგილზე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებიან. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გაზრდილია რუსული ნარატივი, მოსახლეობამ არ უნდა დაივიწყოს თითოეული ის აგრესიული გამოვლინება რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარეობს. ხოლო ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო დონეზე უნდა გაააქტიუროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე ყველა საფრთხესა და პრობლემაზე საუბარი, რომელსაც მეზობელი ქვეყანა საქართველოს უქმნის.