თორნიკე რიჟვაძე ქვემო სილეზიის სეიმიკის თავმჯდომარეს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქვემო სილეზიის სეიმიკის (პარლამენტის) თავმჯდომარეს პაველ ვრობლევსკის შეხვდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრებთან და ქალაქ ბათუმის მერთან ერთად, ქვემო სილეზიის პარლამენტის წევრები და დელეგაციის სხვა ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პაველ ვრობლევსკიმ შეხვედრაზე ისაუბრა იმ მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ, რომელიც ქვემო სილეზიის სეიმიკმა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.

„რეზოლუციის მიღებით ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ ჩვენს მთავრობას და საერთაშორისო საზოგადოებას, თუ რა ტრაგიკულ მოვლენებს ჰქონდა ადგილი 10 წლის წინ“, - განაცხადა პაველ ვრობლევსკიმ.

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა პოლონელი მეგობრების აჭარაში ყოფნას ისეთ მნიშვნელოვან დღეებში, როგორიცაა რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავი.

„სიმბოლურია, რომ ჩვენი პარტნიორები, მეგობრები ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენთან ერთად არიან. 10 წელი გავიდა აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენებიდან და შესაბამისად, ჩვენი პარტნიორების, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება. მინდა მადლობა გადავუხადო ქვემო სილეზიის საპარლამენტო ასამბლეას იმ მიღებული რეზოლუციისთვის, რითაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და მოხდა იმ აგრესიის და ოკუპაციის დაგმობა. ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით. ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევძლებთ საქართველო იყოს თავისუფალი, ერთიანი იმ აღიარებულ საზღვრებში, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ნორმები ითვალისწინებს”, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კულტურულ-ჰუმანიტარულ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში დინამიურად ვითარდება. წარმატებულია თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე. მხარეები სისტემატურად მონაწილეობენ ქვემო სილეზიასა და აჭარაში გამართულ ბიზნეს ფორუმებსა და ტურისტულ გამოფენებში, განხორციელდა პროექტები განათლება-ულტურის მიმართულებით, შედგა ქართული და პოლონური თეატრალური დასების გასტროლები, აჭარის მუზეუმთა თანამშრომლების გადამზადება, ფოტო გამოფენები, ქვემო სილეზიასა და აჭარის შესახებ დოკუმენტური ფილმების ჩვენება, გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა.

აქტიურია ორ ქვეყანასა და რეგიონს შორის თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებითაც, რაც პოლონეთიდან ტურისტთა მზარდი ნაკადით გამოიხატება. გასული წლიდან წარმატებით ხორციელდება საჰაერო ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქვემო სილეზიის ქალაქ ვროცლავის მიმართულებით.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ იმედი გამოთქვა, რომ დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთს შორის უკვე არსებული აქტიური პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა