სასტუმრო „ველმონდის“ დირექტორი - ჯერჯერობით არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, სად წავიყვანთ სტუმრებს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან

ჯერჯერობით არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება თუ სად წავიყვანთ და სად მოვათავსებთ სტუმრებს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, - ამის შესახებ სასტუმრო „ველმონდის“(ყოფილი „ლეოგრანდის“) გენერალურმა დირექტორმა ალპერ პინარმა განაცხადა.

მისივე თქმით, 44 პუნქტიდან სასტუმროს ადმინისტრაციას 30 პუნქტი უკვე შესრულებული აქვს და დანარჩენ 14 პუნქტზეც მუშაობს.

„ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ გვაქვს. თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც კარგად იცის, რომ ჩვენ ამ ყველა პუნქტს ვასრულებთ და შევასრულებთ იმ პუნქტებსაც, რაც დარჩენილი გვაქვს. სულ 44 პუნქტია და 30 შესრულებული გვაქვს. მოლაპარაკებები გრძელდება, შედეგს აუცილებლად შეგატყობინებთ. უარყოფითი შედეგი არამარტო ბათუმის, არამედ მთლიანად საქართველოს იმიჯზეც ცუდად აისახება. სასტუმრო 90%-ით სავსეა დამსვენებლებით“, - განაცხადა ალპერ პინარმა.

მისივე თქმით, სასტუმროს დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ და არც ის არის გადაწყვეტილი, თუ სად გადაიყვანენ დამსვენებლებს.

„სასტუმროს ფუნქციონირების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მე არ ვღებულობ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იღებს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, ისინიც ხედავენ ჩვენს წარმატებას, რომ ეს პუნქტები წარმატებით შევასრულეთ. მათაც ძალიან უნდათ, რომ დაგვეხმარონ. ახლა დღის წესრიგში საგანგებო სიტუაციების სამსახურთან მოლაპარაკებაა. ჯერჯერობით არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება თუ სად წავიყვანთ და სად მოვათავსებთ სტუმრებს. მედიის წარმომადგენლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაგათვალიერებინოთ ყოველი ის პუნქტი, რომელიც შესრულებული გვაქვს“, - განაცხადა სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ კვამლსაწინააღმდეგო სისტემის გამართულობასთან დაკავშირებითაც, რაზეც ალპენ პინარმა კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის” (ყოფილი „ლეოგრანდი”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე „ველმონდში“ (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი] სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. სასტუმრო „ველმონდის" (ყოფილი ლეოგრანდი) ადმინისტრაცია ითხოვს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება მისცენ.