მამუკა ბახტაძე - სიღარიბის დაძლევის პროგრამაში განსაკუთრებული როლი უკავია იმას, რომ მოსახლეობას მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები შევუმსუბუქოთ

„13 აგვისტოდან მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა,“ -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამით ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოების ახალი ეტაპი დაიწყო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი სწორედ მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯია, რის გამოც მთავრობამ არაერთი ინიციატივა დაამუშავა.

„მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამაში განსაკუთრებული როლი უკავია იმას, რომ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ ის ხარჯები, რაც უკავშირდება მედიკამენტების შესყიდვას. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ხარჯი გახლავთ სწორედ მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაერთი ინიციატივა დავამუშავეთ. ერთ-ერთი მათგანი 13 აგვისტოდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა. ეს ფასდაკლება ვრცელდება მთელ მოსახლეობაზე. უკვე დღეს დიაბეტით დაავადებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სამკურნალო საშუალებების შეძენა მნიშვნელოვანად შემცირებულ ფასად შეუძლიათ. ამით ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოების ახალი ეტაპი დაიწყო. პროგრამის მიზანია მოწყვლადი მოსახლეობისთვის სამედიცინო დანახარჯების შემცირების მიზნით ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მედიკამენტებით უზრუნველყოფის იმ პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც მაისში ამოქმედდა და მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსახლეობაზე ვრცელდებოდა. მისი თქმით, შემოდგომიდან ამოქმედდება ამ პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც საპენსიო ასაკის მოსახლეობასა და შშმ პირებს შეეხება.

„გასული წლის მაისში ამოქმედდა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ვრცელდებოდა. შემოდგომაზე ამოქმედდება პროგრამის მომდევნო ეტაპი, რაც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შშმ პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა შეეხება ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს. ამ შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო მედიკამენტებით მომარაგებას, ხოლო შემდგომ პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და ის მოიცავს სხვა ქრონიკულ დაავადებებს, რომლის მკურნალობაც ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას,“ - განაცხადა პრემიერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა