მაია ცქიტიშვილი - შევთანხმდით მთის განვითარების სტრატეგიის ძირითად პრინციპებზე, რომელსაც ჩვენი სამინისტრო 2019-2023 წლებისთვის შეიმუშავებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთის განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, რომლის ძირითად პრინციპებზე შეთანხმება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გუშინდელ სხდომაზე შედგა.

როგორც სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, 2015 წელს „მაღალმთიანი დასახლებების შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ მთაში არსებული პრობლემები ამ კანონით სრულად არ იფარება. შესაბამისად, ვიმსჯელეთ იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რა უნდა გაკეთდეს დამატებით იმისთვის, რომ მთაში დაბრუნდეს მოსახლეობა. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ამ ეტაპზე არის პარამედიკოსების პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს. ეს გულისხმობს უშუალოდ მთაში მცხოვრებთა პირველადი დახმარების ტრენინგ-პროგრამას, რაც მათ საშუალებას მისცემს, დაეხმარონ თანასოფლელებს მანამ, ვიდრე სასწრაფო დახმარება მივა. გარდა ამისა, მთის განვითარების ფონდიდან გამოიყოფა თანხა ასევე დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემის - ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციისთვის, რაც ამ რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ასევე საქართველოს მთავრობისა და USAID-ის თანადაფინანსებით დუშეთის მუნიციპალიტეტის 50-ზე მეტ სოფელში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ელექტროენერგია, მზის პანელებით უზრუნველყოფის პროგრამა განხორციელდება.

„ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ კონკრეტული ქმედებებისა, რომელზეც დღეს ვიმსჯელეთ. ასევე განვიხილეთ ტყის მოვლისა და ტყის ეკონომიკის მიმართულება და შევთანხმდით მთის სტრატეგიის ძირითად პრინციპებზე, რომელსაც ჩვენი სამინისტრო 2019-2023 წლებისთვის შეიმუშავებს და, ყველა ჩართული უწყების მონაწილეობით, სტრატეგიასთან ერთად შემუშავდება სამოქმედო გეგმა, სადაც ყველა ეს ღონისძიება გაიწერება“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მერვე სხდომა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა