გერმანიის წამყვანი მედიასაშუალება „მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე“ საქართველოს მონაწილეობას აფასებს

გერმანიის წამყვანი მედიასაშუალება „მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე“ საქართველოს მონაწილეობას აფასებს.
„მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე“ საქართველო ჭეშმარიტად იქუხებს“,- ასე აფასებს გერმანიის წამყვანი მედია საშუალება - hessenschau.de საქართველოს მონაწილეობას „მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე“ (River Bank Festival).
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, რომ 2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანაა. მთელი წლის მანძილზე, სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება და აღნიშნული ფესტივალი მისი ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.
„საქართველო მოხარულია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. რაში გამოიხატება ეს? საქართველო იყენებს ყოველ შესაძლებლობას იმისათვის, რომ მსოფლიოსთვის უცნობი ხელოვანები ფრანკფურტში ჩაიყვანოს. „მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე“ საქართველო ჭეშმარიტად იქუხებს.
სინამდვილეში, უკვე რამდენიმე წელია, რაც ტრადიციად იქცა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა ზაფხულში “Museumsuferfest“-ს ანუ “მუზეუმის სანაპიროს ფესტივალს” სტუმრობს, მაგრამ ბოლო წლებში ეს პროგრამა დაბრკოლებებით ხორციელდებოდა. ფლანდრიამ და ნიდერლანდებმა ორი წლის წინ წარმოადგინეს უინტერესო და მოძველებული პროგრამა, სადაც მხოლოდ ფლანდრია იყო გამოკვეთილად წარმოდგენილი. საფრანგეთმა, როგორც საპატიო სტუმარმა ქვეყანამ თავიდანვე უარი განაცხადა ფესტივალში მონაწილეობაზე, თანაც ისე, რომ არც მიზეზი დაუსახელებია და არც არანაირად დაუსაბუთებია ეს გარემოება.
სრულიად სხვა ვითარებაა საქართველოს შემთხვევაში: კავკასიის ეს რესპუბლიკა ფესტივალის დასკვნით ნაწილში წარსდგება, რომელსაც “ფოიერვერკი” ეწოდება. აქ 24-დან 26 აგვისტომდე საქართველო აჩვენებს ქართული მუსიკისა და ხელოვნების ლანდშაფტის ფართო სპექტრს. კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ფლეშმობები, და სპეციალური შეთავაზებები ბავშვებისათვის, როგორიცაა ბავშვთა თოჯინების ოპერა და პანტომიმის თეატრი. ამასთან, სტუმრებს გაუმასპინძლდებიან ქართული სამზარეულოს კერძებითა და ქართული ღვინით. მუსიკა, თეატრი, ცეკვა - აქ ყველაფერი იქნება!
ხელოვანები და სხვადახვა ჟანრის მუსიკალური ჯგუფები - ჯაზიდან ფოლკლორის ჩათვლით, ასევე გვიან ღამის ღონისძიებები დიჯეი-სეთებით და პოპით - ყველაფერ ამაზე საქართველომ იზრუნა. დამსწრეთ წინასწარ შეუძლიათ განეწყონ ეგზოტიკური ჰანგების მოსასმენად.
ის, რომ ქართველი ხელოვანები ჩვენში თითქმის უცნობები არიან, არც თუ გასაკვირია, მაგრამ ეს გარემოება უნდა შეიცვალოს (და შეიცვლება კიდეც) წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის წყალობით, და შეიცვლება უკვე ზაფხულში, ბაზრობის დაწყებამდე ფრანკფურტის “მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე”. იმისათვის, რომ დამსწრე საზოგადოებამ სწორი შთაბეჭდილება შეიქმნას, ფესტივალზე გამოვლენ ის ხელოვანი და ანსმბლები, რომლებსაც საქრთველოში ვარსკვლავების რანგი აქვთ - დაწყებული ბავშვთა საცეკვაო ანსამბლით “ლაპრები” და დამთავრებული ავანგარდისტული მოძრაობის თეატრით“, - ნათქვამია სტატიაში, რომლის თარგმანსაც განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ეთნო-ჯაზ-ბენდი “ირაოს” გამოსვლის შემდეგ მოხდება ორი სრულიად განსხვავებული მუსიკალური სამყაროს თანხვედრა: ქართველი ვარსკვლავი-ალტისტი გიორგი ცაგარელი და ცნობილი კომპოზიტორი ალესანდრე კორძაია, რომელთა შესრულებაში კონგენიალურად იქნება შერწყმული კლასიკა და ელექტრონული მუსიკა.
კვირას „ფოიერვერკის“ პროგრამის წინ საგუნდო მუსიკის საუკეთესო ნომრები შესრულდება.
„დასარულს, კვირას გველოდება დიდი ფოიერვერკი როგორც ცაში, ასევე სცენაზე. ჯაზ-სექსტეტი „კვინტესენცია“ არის ქართული საგუნდო ტრადიციის ტიპიური ნიმუში. ჯგუფი თავის არსებობას უმადლის უჩვეულო იდეას - საბავშვო ჯაზ-გუნდისთვის გამოცხადებულ კასტინგს.
2013 წლიდან ჯგუფი მუდმივად იმყოფება ტურნეებში მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში და საგუნდო კონკურსებზე უხვად იმკის ჯილდოებსა და პრიზებს.
ზაფხულის თბილი საღამოს დასაგვირგვინებლად თითქოს საგანგებოდაა შექმნილი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს მაღალრეიტინგული მუსიკოსები. „ნინო ქათამაძე & Insight“ და "Georgian Strings & Brass" საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით მისი მთავარი დირიჟორის ნიკოლოზ რაველის ხელმძღვანელობით დაასრულებენ კვირის საღამოს“,- ნათქვამია სტატიაში, რომლის თარგმანსაც განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
იხილეთ სტატია: https://www.hessenschau.de/kultur/georgische-stars-wollen-frankfurter-museumsuferfest-rocken,georgien-museumsuferfest-100.html

























