აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პრეზიდენტები ერთმანეთს რუსეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ათი წლისთავს ულოცავენ

აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პრეზიდენტები ერთმანეთს რუსეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ათი წლისთავს ულოცავენ

ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პრეზიდენტებმა - რაულ ხაჯიმბამ და ანატოლი ბიბილოვმა ერთმანეთს რუსეთის მიერე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ათი წლისთავი მიულოცეს.

რაულ ხაჯიმბასთვის გაგზავნილ წერილში ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აღნიშნავს, რომ „ 2008 წლის 26 აგვისტო ორი სახელმწიფოს ისტორიაში საბედისწერო თარიღია“.

„ზუსტად ამ დღეს ათი წლის წინ ჩვენი რესპუბლიკების ხალხის თავისუფალი ნების გათვალისწინებით დიადი რუსეთის ხელმძღვანელობამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის შესახებ. ეს დღე აფხაზი ხალხის მამაცობის სიმბოლო გახდა, რომელმაც რთულ ბრძოლაში თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების უფლება მოიპოვა“, - ნათქვამია ანატოლი ბიბილოვის წერილში.

თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე მიულოცა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების იუბილე.

„2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ეს დღე სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღად ჩვენს კალენდარში. დამოუკიდებლობის აღიარების დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს უფლებას, ვიცხოვროთ თავისუფლად. სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ სამხრეთ ოსეთი აქტიურად ვითარდება“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

2008 წლის 26 აგვისტოს იმ დროს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.