სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი წლიურ 5.5 პროცენტამდე აწია

საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი დასრულდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით თბილისში, 21-27 აგვისტოსიმყოფებოდა. სსფ-ს მისია საქართველოში ეკონომიკის და საფინანსო სექტორში არსებული მიმდინარე ვითარების და სტრუქტურული რეფორმის მიმდინარეობის მიმოხილვის მიზნით იმყოფებოდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მისიის დასასრულს ვერა-მარტინმა განაცხადა, რომ მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო, სსფ-ს მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი წლიურ 5.5 პროცენტამდე აწია.

“ეკონომიკურმა აქტივობამ იმატა 2018 წლის პირველ ნახევარში. წლიურმა ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა საგარეო მოთხოვნამ, ფულადი გზავნილების და დაკრედიტების ზრდამ. წინასწარი მონაცემებით, ივნისის ბოლოს მდგომარეობით, ბიუჯეტიც მოსალოდნელზე უკეთესად სრულდებოდა. ინფლაციამ ივლისში 2.8 პროცენტი შეადგინა და წლის განმავლობაში მეტწილად საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე (3 პროცენტზე) ქვემოთ იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაციის პროგნოზი დაბალ დონეზე ნარჩუნდება, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. ამავდროულად, დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი კლებას განაგრძობს. მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, 2018 წლის ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გავზარდეთ. მოსალოდნელი მაღალი ეკონომიკური აქტივობა და სავაჭრო პირობების შესუსტება, სავარაუდოდ, გაზრდის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. ეკონომიკურ პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები, რაც განპირობებულია რეგიონში არსებული ვითარებით და სავაჭრო კონკურენციით, რეზერვების დაგროვების და მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნების საჭიროებას წარმოშობს. მოქნილი გაცვლითი კურსი სასარგებლოა საქართველოსთვის და იგი გონივრულ მაკრო პოლიტიკასთან ერთად, გააძლიერებს ქვეყნის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ“, - განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.

ამასთან, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მისიის სახელით საქართველოს ხელისუფლებას ღია და კონსტრუქციული განხილვებისთვის მადლობა გადაუხადა.

“სსფ-ს მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა მაღალი და ინკლუზიური ზრდის ხელმშემწყობი რეფორმების მიმდინარეობა; შეაფასა სხვადასხვა ინიციატივები. საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა დამოუკიდებელი საპენსიო სააგენტო და დაამტკიცა დებულებები კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონის განხორციელებისათვის. ხელისუფლებამ დახვეწა გადახდისუუნარობის კანონი და აამოქმედა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ხელშემწყობი დებულებები. ამჟამინდელი გარემოში მიზანშეწონილია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკის მედეგობის გაზრდის, კერძო სექტორის მიერ წაძღოლილი ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიცირების და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით. სსფ-ს მისია მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას ღია და კონსტრუქციული განხილვებისთვის ვიზიტის მსვლელობისას. მისია შეხვდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრს მაია ცქიტიშვილს, ასევე ხელისუფლების და დიპლომატიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სსფ-ს მისია მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობას ქვეყნის ხელისუფლებასთან მიმდინარე, სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი, საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მოახლოებული, მესამე მიმოხილვის ფარგლებში, რომელიც ამა წლის ოქტომბრის თვეში არის დაგეგმილი“, - განაცხადა ვერა-მარტინმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა