ბათუმის რიგით მეექვსე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MusicFest 2-12 სექტემბერს გაიმართება

2-12 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონს „ლირას" ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსმხარდაჭერით, ბათუმის, რიგით მეექვსე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MusicFest გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, გასული წლის მსგავსად, წელსაც, ფესტივალი იუნესკოს მაღალი პატრონაჟით მიმდინარეობს. ქართველი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს ესტუმრებიან მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები - პიანისტი ბარი დუგლასი, ლიზ დე ლა სალი, დირიჟორი მირონ მიხაილიდისი და ასევე, უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მუსიკოსები.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ფესტივალი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ის ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელმაც იუნესკოს მაღალი პატრონაჟი, წელს, მეორედ მოიპოვა. ფესტივალის მიზანია საქართველოში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ქართველი ტალანტების წარმოჩენა საერთაშორისო სცენაზე.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2 სექტემბერს, ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ დარბაზში, დავით მუქერიას დირიჟორობით, მაყურებლის წინაშე წარსდგება ვინიავსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი ვერიკო ჭუმბურიძე, ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტით.

წელსაც, პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს არტ-კამპის პროგრამა, რომელიც გულისხმობს 12-20 წლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათთვის სპეციალურად შემუშავებული ინოვაციური მუსიკალური ტრეინინგების ჩატარებას.

7 სექტემბერს, Check in Georgia-ს ფარგლებში, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში გაიმართება „ნორჩი ვირტუოზების“ გალა კონცერტი. საფორტეპიანო ლიტერატურის შედევრებს შეასრულებს 8 ახალგაზრდა პიანისტი საქართველოდან და ლიტვიდან. კონცერტი საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნება.

ფესტივალის ფარგლებში, 6-12 სექტემბერს გაიმართება ცნობილი ფრანგი პროფესორის, საფორტეპიანო ინოვაციური მეთოდოლოგიის ავტორის, მიშელ სონის მასტერკლასები ნორჩი პიანისტებისთვის.

12 სექტემბერს, ფესტივალს დაასრულებს ელისო ბოლქვაძის სოლო კონცერტი, რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდის მონაწილეობით.

ფესტივალის მხარდამჭერები ასევე არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და თიბისი ბანკი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს