„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი 31 აგვისტოს გამოვლინდება

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი 31 აგვისტოს გამოვლინდება

საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის 31 აგვისტოს გამოვლინდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იმ 6 ფილმის ნახვის შემდეგ მიიღებს, რომელთაც დააკმაყოფილეს ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნები და განაცხადი ეროვნულ კინოცენტრში შემოიტანეს.

გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის საფუძველზე, 31 აგვისტოს, 15:00 საათზე, კინოსახლის განახლებულ დარბაზში იქნება მიღებული და ცნობილი გახდება რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის.

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმია წარმოდგენილი: „ხიბულა" - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, „ნამე" - რეჟისორი ზაზა ხალვაში, „ჰორიზონტი" - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, „დედე" - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, „ექვთიმე ღვთისკაცი" - რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, „ჰამლეტი" - რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი.

კინოცენტრის ინფორმაციით, წარმოდგენილი ფილმებიდან „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა შექმნა.

კომისიასულ 9 წევრისგან შედგება: მერაბ კოკოჩაშვილი - რეჟისორი, დიმიტრი მამულია - რეჟისორი, გივი-ბესიკ ოდიშარია - სცენარისტი, ლომერ ახვლედიანი - ოპერატორი, ია შუღლიაშვილი - მსახიობი, კახა კანდელაკი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, ზურაბ მაღალაშვილი - ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გოგი მიქელაძე - მხატვარი, ნინო მხეიძე - კინომცოდნე.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაა, 2019წლის 24 თებერვალს გაიმართება.