„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი დღეს გამოვლინდება

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი დღეს გამოვლინდება

საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის დღეს გამოვლინდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იმ 6 ფილმის ნახვის შემდეგ მიიღებს, რომელთაც დააკმაყოფილეს ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნები და განაცხადი ეროვნულ კინოცენტრში შემოიტანეს.

გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის საფუძველზე, 31 აგვისტოს, 15:00 საათზე, კინოსახლის განახლებულ დარბაზში იქნება მიღებული და ცნობილი გახდება რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის.

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმია წარმოდგენილი: „ხიბულა" - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, „ნამე" - რეჟისორი ზაზა ხალვაში, „ჰორიზონტი" - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, „დედე" - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, „ექვთიმე ღვთისკაცი" - რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, „ჰამლეტი" - რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი.

კინოცენტრის ინფორმაციით, წარმოდგენილი ფილმებიდან „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა შექმნა.

კომისია სულ 9 წევრისგან შედგება: მერაბ კოკოჩაშვილი - რეჟისორი, დიმიტრი მამულია - რეჟისორი, გივი-ბესიკ ოდიშარია - სცენარისტი, ლომერ ახვლედიანი - ოპერატორი, ია შუღლიაშვილი - მსახიობი, კახა კანდელაკი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, ზურაბ მაღალაშვილი - ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გოგი მიქელაძე - მხატვარი, ნინო მხეიძე - კინომცოდნე.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაა, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.