შუახევში 2 სექტემბერს ანსამბლ „ადილეის“ კონცერტი გაიმართება

შუახევში 2 სექტემბერს ანსამბლ „ადილეის“ კონცერტი გაიმართება

შუახევის კულტურის ცენტრში, 2 სექტემბერს, ანსამბლი ,,ადილეი" კონცერტს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს,,,ადილეი" 2012 წელს ჩამოყალიბდა.

„ქართული ხალხური სიმღერის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდული ანსამბლი გამოირჩევა ტრადიციული საშემსრულებლო მანერით, იმპროვიზაციითა და ინდივიდუალობით. ერთად მღერის სურვილმა გააერთიანა ერთი სამეგობრო წრე. მათი მიზანი იყო: ჭეშმარიტი ფოლკლორული ნიმუშებისა და ტრადიციული შემსრულებლობის პოპულარიზაცია, ქართული ხალხური სიმღერისათვის დამახასიათებელი სილაღის, სიხარულის, უშუალობის, სიხალასის მსმენელამდე მიტანა-გაზიარება. ,,ადილეი" მსმენელის წინაშე პირველად 2014 წლის გაზაფხულზე წარდგა - ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში გამართულ მანანა შილაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე და იმთავითვე მსმენელთა და სპეციალისტთა აღიარება მოიპოვა.

ანსამბლი მონაწილეობდა არაერთ კულტურულ ღონისძიებასა და საქველმოქმედო კონცერტში, სატელევიზიო პროექტებსა და რადიოგადაცემებში, ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმის კონცერტებში. გასტროლებით მოიარა იტალია და გერმანია“, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, 15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ტარდება ფესტივალი ,,ბაღია ჩვენი ქვეყანა". ექვსი თბილისური ანსამბლი - „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“ - საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს.

ფესტივალზე თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადგილობრივი სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.