თამარ ხულორდავა - ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ოფიციალური ანგარიში არის ძალიან პოზიტიური

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე მომზადებულ ანგარიშში პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს მიღწევები ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, თუმცა კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან პროცესი არაჯანსაღად გაშუქდა.

„ეს ანგარიში არის ძალიან პოზიტიური, მასში არის შეფასებული ის რეფორმები და ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში ევროპული ინტეგრაციის დღის წესიგიდან გამომდინარე განხორციელდა. განსაკუთრებით არის ხაზი გასმული დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, თავისუფალ, პლურალისტურ მედიაგარემოზე, კორუფციის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლასა და ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლაზე. ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ შედეგებზე, საკანონმდებლო დაახლოების პროცესის ინტენსივობასა და სხვა თემებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მოკლე ანგარიში და მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ყველა პოზიტიურ და მიმდინარე რეფორმას ეს ანგარიში ვერ ასახავს, მაგრამ ანგარიში არის უაღრესად პოზიტიური.

ამავე დღეს წარმოდგენილი იყო ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურების მიერ მომზადებული ცალკე მოხსენებებიც, რომელიც ასევე ძალიან დადებითად აფასებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ კოლეგებს ასეთი სამართლიანი და ობიექტური შეფასებისათვის.

ამ ყველაფრის ფონზე ჩემთვის სამწუხაროა, როდესაც თვალს ვადევნებდი მედიასივრცეში თუ როგორ გაშუქდა ეს თემა. „რუსთავი 2“- ის მიერ არაჯანსაღ ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი და ეს ძალიან პოზიტიური მოვლენა წარმოჩინდა ნეგატიურად. შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომელსაც რეალობასთან არავითარი საერთო არ აქვს და მთელი აქცენტი გაკეთდა ერთ-ერთ კვლევაზე, რომელიც არ არის ანგარიშის ნაწილი და ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს ევროპარლამენტი იყო ძალიან კრიტიკული საქართველოს მიმართ. მინდა განვმარტო, რომ ევროპარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს მხოლოდ ერთ ანგარიშზე, ეს არის ანგარიში რომელიც არის მომზადებული საქართველოს თაობაზე ოფიციალური ევროპარლამენტის მომხსენებლის მიერ, ის არის ძალიან პოზიტიური და აფასებს ობიექტურად ყველა მიმდინარე პროცესს“,- განაცხადა ხულორდავამ.

თამარ ხულორდავას თქმით, ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებული ანგარიში იყო არაკომპეტენტური და პოლიტიკურად მიკერძოებული.

„რაც შეეხება კონკრეტულ კვლევას, ის არის ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო ევროპარლამენტისთვის და ის არის საკმაოდ დაბალი ხარისხის და პოლიტიკურად მიკერძოებული. თვითონ ევროპარლამენტარებსაც გაუჩნდათ გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები კვლევის და მისი ავტორის მიმართ, ეს სხდომაზეც კარგად გამოჩნდა. მეც, როგორც ერთი პოლიტიკოსი, გავეცანი რა მის კვლევას, წყაროებს, რომელიც მან გამოიყენა, მეთოდოლოგიას, რომლითაც ეს კვლევა ჩატარდა - ერთადერთი ლოგიკური დასკვნა რაც შეიძლებოდა გამომეტანა არის ის, რომ ეს კვლევა არის პოლიტიკურად მიკერძოებული. ასე რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპარლამენტის შეფასება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების თაობაზე იქნება ძალიან პოზიტიური, რეალისტური და ის პროგრესი და მიღწევები რომელიც ამ ძალიან რთულ გზაზე არის მიღწეული, იქნება სათანადოდ დანახული და შეფასებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა ხულორდავამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თამარ ხულორდავას კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.