შალვა ხუციშვილი - საქართველოს სახანძრო დეპოებში არც ერთი საბჭოთა წარმოების მანქანა აღარ იქნება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავალ კვირას ახალი ტექნიკისა და მაშველების დამატებითი აღჭურვილობის პრეზენტაციას გამართავს.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა, საბჭოთა ტექნიკის გამოყენებას საბოლოოდ წერტილი დაესმება.

„დღეს მთავრობამ მოიწონა ჩვენი წინადადება, რომლის მიხედვით, გამოცხადდება ტენდერი 20 მაღალი გამავლობის პიკაპის შესაძენად. ეს პიკაპები განკუთვნილი იქნება სამაშველო ჯგუფებისთვის. გარკვეულ რეგიონებში იყენებენ საბჭოთა წარმოების ტექნიკას და ამ შესყიდვით ჩვენ წერტილს დავუსვამთ საბჭოთა ტექნიკის გამოყენებას. რაც შეეხება სახანძრო მიმართულებას, გაგრძელდება შესყიდვები. ახლა მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე მსხვილ ევროპულ სახანძრო მწარმოებელ კომპანიასთან და მომავალი 2-3 წლის განმავლობაში საქართველოს სახანძრო დეპოებში არც ერთი საბჭოთა წარმოების მანქანა აღარ იქნება. ასევე ვგეგმავთ დამატებითი აღჭურვილობის შეძენას“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, წელს იყო რამდენიმე საკმაოდ მასშტაბური ტყის ხანძარი, თუმცა საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მოხდა ამ ხანძრებთან გამკლავება, რაც ძირითადად განპირობებულია ახალი სახანძრო მანქანებით.

„ჩვენ ეს საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ ხანძრების შემთხვევაში. განსაკუთრებით საუბარია ტყის ხანძრებზე. წელს საქართველომ შეისყიდა დაახლოებით 13 მილიონის ტექნიკა, რომლის მოწოდებაც ეტაპობრივად ხორციელდება. ეს ტექნიკა მთლიანად ტყის ხანძრებთან საბრძოლველად არის განკუთვნილი და ამ გამოწვევებმა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა, გვაჩვენა, რომ აბსოლუტურად სწორად მოხდა ამ ტექნიკის შეძენა. ყველა ეს შესყიდვა და გაზრდილი ტაქტიკური შესაძლებლობები ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ბორჯომის ტიპის ხანძარი და მასშტაბური პრობლემები ტყის ხანძრების მიმართულებით არ იქნება. ეს ტექნიკა მთლიანად განაწილდება საქართველოს რეგიონებში. ჩვენი სახანძრო დანაყოფების საჭიროებები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არის ტყის ხანძრების მაღალი რისკი, სრულად იქნება ტექნიკით დაკმაყოფილებული. შესაბამისად, გაიზრდება ეფექტურობა“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა