ნინო ლომჯარია - ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტელეკომპანიის დამოუკიდებელი საქმიანობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში

ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტელეკომპანიის დამოუკიდებელი საქმიანობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „იბერიას" და "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ომბუდსმენმა "იბერიას" ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ლომჯარიამ ასევე აღნიშნა, რომ პოზიციას მას შემდეგ ჩამოაყალიბებს, როდესაც ფინანსთა სამინისტროსგან ოფიციალურ პასუხს მიიღებს.

"მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ტელეკომპანია „იბერიას“ და ჟურნალისტებს. სახალხო დამცველი, ჩვენ ხელთ არსებული რესურსის თუ მანდატის ფარგლებში, გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დავიცვათ ნებისმიერი ჟურნალისტის საქმიანობის დამოუკიდებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტელეკომპანიის დამოუკიდებელი საქმიანობა, განსაკუთრებით ახლა. მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და ქვეყნის დემოკრატიული პროცესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს რომელიმე დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობის შეზღუდვა.

ჩვენ უკვე დავიწყეთ საქმის გარემოებების შესწავლა, იგივე ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, "ომეგა ჯგუფს" აქვს გარკვეული პრეტენზიები. ჩვენ ფინანსთა სამინისტროს უკვე მივმართეთ ოფიციალურად და ჩვენს პოზიციებს ჩამოვაყალიბებთ მას შემდეგ, რაც უკვე ოფიციალურად გვეცნობება ჩვენს კითხვებზე პასუხი.

დღეს ჟურნალისტებისგან მოვისმინე საქმის გარშემო არსებული გარემოებები, მათი წუხილები და ვფიქრობ, რომ დღეს სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია დროული და პირდაპირი კომუნიკაცია ჟურნალისტებთან, კომპანიის წარმომადგენლებთან და ჩემი მხრივ, მზად ვარ ხელი შევუწყო ამ პირდაპირ დიალოგს,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ჩანაწერებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ვფიქრობ, რომ ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები, გამოძიება უნდა დაიწყოს. მე ამ ჩანაწერის ავთენტურობაზე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა გავრცელებული ჩანაწერებიდან სერიოზული დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მათ შორის ზეგავლენით ვაჭრობის თვალსაზრისითაც,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა